საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება
ორბელიანების სასახლეში ამ წუთებში საზეიმო მიღება მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციისა და ხელისუფლების შემდეგ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახლწლო მიღებაზე მასპინძლობს.
ქვეყნის პრეზიდენტი მესამე სექტორს საკუთარ ხედვას აცნობს, როგორ შეიძლება, დაიძლიოს კრიზისი და შედგეს ეროვნული თანხმობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამ ფორმატის შეხვედრები დასასრულს უახლოვდება, რის შემდეგაც ზურაბიშვილმა საბოლოო სიტყვა უნდა თქვას.
არასამთავრობო სექტორში აცხდებენ, რომ დიდი მოლოდინი არ აქვთ, მაგრამ პროცესის საბოლოო შედეგამდე მიყვანას ხელს შეუწყობენ.
ვფიქრობ, ეს დიალოგი დასაწყებია. რას განიხილავს ოპოზიცია შეთანხმებისთვის, ასევე, რის დათმობას აპირებს მმართველი პარტია, ეს დეტალები გასარკვევია. ეს დისკუსია უნდა დაიწყოს. ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის ჩართულობაც. ვფიქრობ, რაც ამ ეტაპზე პროცესს აკლია, ესაა მოქალაქეების ხმა - განაცხადა ,,სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა, ანა დოლიძემ.