100 000 ლარი ოპოზიციიდან მმართველი პარტიის რიგებში გადასასვლელად - დეპუტატმა "ოცნება" ამხილა
100 ათასი ლარის ქრთამი ოპოზიციიდან მმართველი პარტიის რიგებში გადასასვლელად. სენაკში ,,ქართული ოცნება" საკრებულოს სასურველ თავმჯდომარეს ვერ ირჩევს, რის გამოც, ოპოზიციის მტკიცებით, მათი მხარდამჭერების გადაბირებას დიდი ქრთამის სანაცვლოდ ცდილობენ.
ერთი ხმა აკლიათ და მთხოვეს. 100 ათას ლარს იძლევიან ხმაში და ხომ არ დაფიქრდებოდიო. ზუსტად ისე, როგორც გააკეთეს ბათუმში. რის გამო გარდაიცვალა ფუტკარაძე? სხვა რამის გამო კი არ მომკვდარა. სადაც ერთი, ან ორი ხმა აკლიათ, იქ ყველაფერზე მიდიან, რომ შეივსონ უმრავლესობა - განაცხადა სენაკის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლაშა კუჭავამ.
სენაკის საკრებულოს სხდომა დღეს ,,ქართულმა ოცნებამ" ჩაშალა, რომლის წევრებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში საერთოდ არ მივიდნენ. ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ სხდომის ბოიკოტირებით მმართველი გუნდი ცდილობს, საკრებულო რიგგარეშე არჩევნებამდე მივიდეს.
სენაკის საკრებულოში 33 დეპუტატია. მათ შორის "ქართული ოცნების" 16, ,,ნაცმოძრაობის" 13 და "გახარია-საქართველოსთვის" 4 წევრია.