დაადეთ ვეტო სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს - ხოშტარია ზურაბიშვილს
პარტია „დროა“ საქართველოს ლიდერის საგანგებო განცხადება - ელენე ხოშტარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადოს.
მინდა უკიდურესი პროტესტით გამოვეხმაურო „ქართული ოცნების“ შემაშფოთებელ ინციატივებს - მმართველმა პარტიამ ღრმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე და მათი გადმოსახედიდან მშვიდ პერიოდში, სამი ძალიან საგანგაშო პროცესი წამოიწყო: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, მეორე - საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებები, მესამე - ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი. სამივე საკანონმდებლო ინიციატივა არის ძალიან ღია დემონსტრაციული თავდასხმა ინსტიტუტებზე. სახელმწიფოს მიტაცების ძალიან თავხედური აქტი!"- აცხადებს ხოშტარია.
მისი თქმით, სახელწიფო ინსპექტორის სამსახური შექმნილი იყო, მათ შორის დიდი საერთაშორისო ძალისხმევით.
ეს იყო საერთაშორისო ვალდებულება და ინსტიტუტი, რომელსაც უნდა გაეკონტროლებინა პოლიციელების თავგასულობა, რისი ფაქტიც არაერთხელ ვიხილეთ. „ქართულ ოცნება“ ფიქრობდა, რომ მსგავსი ინსტიტუტის შექმნა უბრალოდ ფორმალური ინსტიტუტების იმიტაცია იქნებოდა და ისინი ისევე მონურად დაიმორჩილებდნენ, როგორც იმორჩილებენ სხვა ინსტიტუტებს, თუმცა ლონდა თოლორაიამ ხმა ამოიღო"- განაცხადა "დროას" ლიდერმა.
ხოშტარიამ სახელმწიფო ინსპექტორს სრული სოლიდარობა გამოუცხადა:
მინდა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვხატო ლონდა თოლორაიას მიმართ და შევთავაზო მას სრული დაპირება, რომ მის გვერდზე ვიდგები ამ მძიმე ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი ზეწოლაა პირადად ლონდა თოლორაიაზე. მან ამოიღო ხმა პრინციპულ საქმეებზე. მათ შორის, ლექსო ლაშქარავაზე“,- დასძინა ხოშტარიამ და იქვე თქვა, რომ მიესალმება პრეზიდენტის პოზიციას, რომელიც ზურაბიშვილმა ლონდა თოლორაიას სამსახურის შესახებ.
რაც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონს, ელენე ხოშტარიას შეფასებით, ეს არის „რეპრესიები ე.წ. ურჩი მოსამართლეების მიმართ“.
უმნიშვნელოვანესია, როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა, ისე საზოგადოებამ გამოვხატოთ მხარდაჭერა იმ 17 მოსამართლის მიმართ, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან მუდმივი წნეხის მიუხედავად, გაბედულად აპროტესტებენ ამ ცვლილებებს",- თქვა "დროას" ლიდერმა.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესი იცვლება, ფართო კონსენსუსის საჭიროებას გააუქმებს და მმართველ პარტიას გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღებას გაუადვილებს.