რატომ აუქმებს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს?- "ოცნების" თავმჯდომარის პოზიცია

29.12.21 14:45
რატომ აუქმებს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს?- "ოცნების" თავმჯდომარის პოზიცია

რატომ აუქმებს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს?- პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის მტკიცებით, ამ საკითხზე საერთაშორისო პარტნიორების აზრი მათ ინიციატივასთან თანხვედრაშია. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ კითხვები მხოლოდ ამ საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვასა და უწყების თანამშრომელთა შემდგომში დასაქმებასთან დაკავშირებით ისმევა.

როცა აღნიშნულ საკითხზე საუბარი გვქონდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, სხვა სუბიექტებთან, ყველა აღიარებს, რომ ინსტუტიციური და სამართლებრივი თვალსაზრისით ეს ყველაფერი არის გამართული. ერთადერთი, რაზეც ისმებოდა კითხვა, ეს დაჩქარებული წესით რატომ განიხილება. ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მარტივია ეს კანონპროექტი თავისი შინაარსით, რომელიც მიიღება პარლამენტის მიერ, და მეორე, კითხვები ისმეობოდა ძირითადად იმ თანამშრომელებთან მიმართებით, რომლებიც არიან დღეს დეპარტამენტებში წარმოდგენილები. მნიშვნელოვანია, რომ ამ დეპარტამენტების თანამშრომლები ინარჩუნებდნენ საკუთარ პოზიციებს. დღეს გვექნება კიდევ ერთხელ დამატებით მსჯელობა, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან დაყენებული იქნება ინიციატივები, რომლებზეც შეიქმნება კონკრეტული საკანონმდებლო გარანტია იმისათვის, რომ ადამიანებმა შეინარჩუნონ საკუთარი პოზიციები ამ 2 სამსახურში, რომელიც ამ ერთი სამსახურის ბაზაზე შეიქმნება - აცხადებს კობახიძე.

რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსს, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ლონდა თოლორაიას პრემიერმა ღაიბაშვილმა სხვა პოსტი შესთავაზა სახელმწიფო სამსახურში.

ლონდა თოლორაია თითქმის 3 წელია, იკავებს ამ თანამდებობას, ჩვენ მასთან ნაკლებად გვქონდა თანამშრომლობა, მაგრამ შესაბამის სამსახურებს ჰქონდათ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. მე ვიცი, რომ ისინი კმაყოფილი არიან ამ თანამშრომლობით, ასევე ვიცი ისიც, რომ პრემიერმა გააკეთა განცხადება მასთან დაკავშირებით და მას კონკრეტული პოზიცია შესთავაზა სახელმწიფო სამსახურში. თოლორაია იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრი, სწორედ შსს-დან გადავიდა ამ ახალ უწყებაში.  როცა თანამშრომლები რჩებიან ადგილზე, როცა პრემიერი მას სთავაზობს ანალოგიურ თანამდებობას საჯარო სამსახურში, აქედან ჩანს ჩვენი დამოკიდებულება მთლიანად ამ უწყების  როგორც ხელმძღვანელის, ასევე სხვა თანამშრომლების მიმართ. აქედან გამომდინარე, აშკარად სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც კონკრეტული პრობლემა. - თქვა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე რატომ უნდა გაიყოს ორ უწყებად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური,  ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდათ ,,ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდში, როცა ეს უწყება უნდა შექმნილიყო, თუმცა, მაშინ მმართველ პარტიაში აზრი ორად გაიყო და კობახიძის შეფასებით, მიიღეს არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება.

რაც შეეხება გაყოფის მიზეზს, ის მარტივია. ეს იყო აბსოლუტურად ყველას რეკომენდაცია. პოლიტიკური გუნდის შიგნითაც უმრავლესობა იყო სწორედ ცალ-ცალკე ამ ორი სამსახურის მომხრე. მას შემდეგ, რაც შეიქმნა განსხვავებული პოზიციები, მას შემდეგ მიღებული იქნა არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება და  ამ ორი სამსახურის ნაცვლად ერთი შეიქმნა - განმარტავს კობახიძე.   

პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმებაზე ,,ქართული ოცნების" კანონპროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმებაზე ცვლილებები მმართველი პარტიის წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.

კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება.

მსგავსი სიახლეები