პრეზიდენტმა უნდა დაადოს ვეტო - ომბუდსმენი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

29.12.21 17:22
პრეზიდენტმა უნდა დაადოს ვეტო - ომბუდსმენი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

ომბუდსმენი თვლის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელთან, ლონდა თოლორაიასთან, შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სახალხო დამცველი ასევე თითქმის დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევს და კანონპროექტს კანონად მაინც აქცევს.

ეს ცვლილება ძალიან უარყოფითად იმოქმედებს ქვეყანაში ადამიანი უფლებების დაცვის მდგომარეობაზე და წამების, არასათანადო მოპყრობის აკრძალვის მდგომარეობაზე. ვფიქრობ, რომ ეს არის ისეთი პროცესით მიღებული და იმდენად დაუსაბუთებელი და ადამიანის უფლებების სტანდარტის საწინააღმდეგო კანონპროექტი, რომ ვფიქრობ, პრეზიდენტმა მას უნდა დაადოს, რა თქმა უნდა, ვეტო, თავისი მოტივირებული შენიშვნები დაუბრუნოს პარლამენტს. თუმცა, როგორც ვხედავთ, მმართველი პარტია ძალიან ჩამოყალიბებულია იმ პოზიციაზე, რომ ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის. სავარაუდოდ, ისინი გადალახავენ ამ ვეტოს. არის მეორე გზაც, საკონსტიტუციო სასამართლოში შემდგომ მიღებული კანონის გასაჩივრების, თუმცა მას შემდეგ, რაც სრულად აკონტროლებს ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს, ჩვენი პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სამწუხაროდ, იქ მიიღება პოლიტიკურ საკითხებზე პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება, - თქვა ლომჯარიამ. 

 პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმებაზე ,,ქართული ოცნების" კანონპროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმებაზე ცვლილებები მმართველი პარტიის წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.

კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება.

მსგავსი სიახლეები