მესამე პრეზიდენტის გატაცების სპეცოპერაცია - მოშიმშილეები სამოქმედო გეგმაზე დღეს იმსჯელებენ
მესამე პრეზიდენტის რუსთავის ციხეში დაბრუნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები, რომლებიც უკვე მეათე დღეა, შიმშილობენ, არ გამორიცხავენ, რომ მათი გეგმები შეიცვალოს. სამოქმედო გეგმის შესახებ ისინი დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში იმსჯელებენ.
ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, მათ კარვები რუსთავის ციხესთან გადაიტანონ და პროტესტი იქ განაგრძონ.
სამოქალაქო აქტივისტები ასევე ენმ-ს წევრ დეპუტატებს პარლამენტის დატოვებისკენ და პროტესტის ქუჩაში გადანაცვლებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ახლა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეა გადასარჩენი და პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში უნდა გადაიზარდოს.
ყველანაირ ფორმალურ პროცესს ოპოზიციამ უნდა გამოუცხადოს ბოიკოტი. ეს საჭიროა მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად. მაგალითად, ვთვლი, რომ საკრებულო და პარლამენტი უნდა დატოვოს ოპოზიციამ და გაცხადებულად თქვას, რომ ეს არის რუსული რეჟიმი, რომლის დამარცხებაც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ქუჩის პროტესტით და სამოქალაქო დაუმორჩილებლობით. პროტესტი უნდა გახდეს უფრო აქტიური, უფრო შემაწუხებელი და შედეგზე ორიენტირებული, - ამბობს მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი მუმლაძე.
გვიან ღამით საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის N12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. პრეზიდენტის ეტაპირება მკაცრად გასაიდუმლოებული უყო. ფაქტის შესახებ ოფიციალური განმარტება არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ გაუკეთებია.