გადაგიყვანთ იქ, სადაც გაწამეთო - ნიკა გვარამიას თქმით, სააკაშვილს ეტაპირებისას დაემუქრნენ
მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში ეტაპირებს დეტალებზე საუბრობს. უფლებდამცველის თქმით, სააკაშვილს გადაყვანის მომენტში წინააღდეგობა არ გაუწევია, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა.
გვარამიას თქმით, პრეზიდენტს უთხრეს, რომ რუსთავის ციხეში გადაჰყავდათ, თუმცა ცუდად გახდომის შემთხვევაში გლდანის N 18 -ე დაწესებულებაში გადაყვანით დაემუქრნენ.
ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა, მიხეილ სააკაშვილი იყო ძალიან დაუძლურებული. მას მიაკითხა ბევრმა ადმიანმა, როგორც თვითონ მითხრა, იმას გეუბნებით, მიაკითხეს ეტლით და ჩასვეს ეტლით. წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. ჯერ ერთი, იყო გაბრუებული, როგორც ჩანს, საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული და ჰქონდა მაღალი წნევა და როგორც წინა ჯერზე უბრალოდ მითხრა, რომ აღელვების შემთხვევაში შეიძლება, უარესი დამმართნოდაო. არ გაუწევია მას წინააღმდეგობა, ზემოქმედება არ ყოფილა. უთხრეს, რომ მიგვყავხარ რუსთავშიო, მაგრამ ცუდად თუ გახდები, გადაგიყვანთ გლდანშიო. ეს არის პირდაპირ მუქარა, წამებით დამუქრება. ანუ თუ გაბედავ და ცუდად გახდები, გადაგიყვანთ იქ, სადაც გაწამეთო. ჩვენ ვიმყოფებით ახლა საკონცენტრაციო ბანაკში, ერთ-ერთში, ბუხენვალდი, ოსვენციმი ხომ იყო, ახლა ეს არის გორის ჰოსპიტალი, ეს არის რუსთავის ციხე და რაც მთავარია, გლდანის დაწესებულება. ეს მდგომარეობა უნდა დასრულდეს სააკაშვილის ამ პენიტენციალური სისტემიდან გაყვანით, - თქვა გვარამიამ.
ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში ცოტა ხნის წინ მოინახულა.