წამება და ცინიზმი - უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანაზე

30.12.21 14:51
წამება და ცინიზმი - უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანაზე

უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12-ე დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტს სპეციალური განცხადებით ეხმაურება. ლუდმილა დენისოვა მიიჩნევს, რომ უკრაინის მოქალაქის მიმართ საოცარი ცინიზმი და წამება განხორციელდა. 

დენისოვა უცხოელ დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რეაგირება მოახდინონ საქართველოს ხელისუფლების ქმედებაზე.

გაბრაზებული ვარ უკრაინის მოქალაქის, უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაყვანის გამო.
გასაოცარია ის ცინიზმი, რომლითაც  ეს გაკეთდა. ავადმყოფი სააკაშვილი ღამით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, წაიყვანეს ადვოკატების გაფრთხილების გარეშე.

მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება წარმოადგენს პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესების 22-ე მუხლის დარღვევას, რომელიც მოითხოვს ავადმყოფი პატიმრების გადაყვანას სპეციალურ დაწესებულებებში, ან სამოქალაქო საავადმყოფოებში.

სამედიცინო დახმარების არგაწევა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად, თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის გარანტირებულ ნორმებს.
საქართველოს ხელისუფლების ასეთ ქმედებებს მივიჩნევ, როგორც წამებას და უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლების შელახვას, რაც არღვევს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-6, მე-7, მე-9, 14, მე-18 -ე მუხლებს, რომელიც საქართველოს მიერ რატიფიცირებულია  2002 წელს"- წერს დენისოვა.

უკრაინის სახალხო დამცველი, საქართველოს ომბუდსმენს მიმართავს, და სააკაშვილის მონახულებისკენ მოუწოდებს: 

მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რათა შეამოწმოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, მათ შორის საავადმყოფოდან გაწერის დროს.
 

ვთხოვ უკრაინის ელჩს საქართველოში, გაუწიოს საკონსულო დახმარება მიხეილ სააკაშვილს.

მოვუწოდებ უცხო სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მკაცრად დაგმეს საქართველოს რესპუბლიკის ოფიციალური პირების ქმედებები, რომლებიც არღვევენ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის, უფლებებს და მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან მისი უფლებების აღდგენას - წერს დენისოვა.

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12-ე დაწესებულებაში გუშინ გვიან ღამით გადმოიყვანეს. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები