პროტესტის ერთ-ერთი სავარაუდო კერა იქნება რუსთავის ციხე - ხაბეიშვილი
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის, თქმით, პროტესტის ერთ-ერთი კერა სავარაუდოდ, რუსთავის ციხე იქნება. ოპოზიციის წევრის თქმით, კონკრეტული სამოქმედო გეგმის შესახებ "ერთიან ნაციონალური მოძრაობის" ოფისში იმსჯელებ და გადაწყვეტილებას ცოტა ხანში გაასაჯაროებენ.
განსასაზღვრია ბრძოლის სტრატეგია და გეგმა, რაზეც, რა თქმა უნდა, პარტიაში მიიღება გადაწყვეტილება. კერა არ იქნება მარტო აქ და შიმშილობა, ეს ცხადია, მათ შორის, ერთ-ერთი სავარაუდო კერა იქნება რუსთავის ციხე. ასევე სხვადასხვა საჯარო დაწესებულებები, ესეც ცხადია, თუმცა პარტია კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას. ნურავის ნუ ეგონება, რომ ვინმე ხელების ჩამოშვებას აპირებს, რომ თურმე ახალი წელია და ვინმეს არ გაახსენდება ეს ამბავი, ძალიან ცდებიან, - თქვა ხაბეიშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები პარტიის ცენტრალურ ოფისში იკრიბებიან. ისინი სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.
გვიან ღამით საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის N12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. პრეზიდენტის ეტაპირება მკაცრად გასაიდუმლოებული იყო.