ცემეს, დაუჭრეს საბურავები, წაართვეს ტელეფონი - გახარიას პარტია თანაგუნდელის ცემის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
ფიზიკური ანგარიშსწორება გახარიას პარტიის წევრის მიმართ - "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრის კახა ქემოკლიძ სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ზუგდიდის საკრებულოს წევრის, მალხაზ თორიას ცემის ფაქტს საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა.
პარტია "საქართველოსთვის" სამართალდამცავებისგან თავდასხმის დაუყოვნებლივ გამოძიებას და თავდამსხმელების დასჯას ითხოვს.
ქემოკილიძის ინფორმაციით,, თავდასხმა 30 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში მოხდა.
კახა ქემოკლიძის განცხადებით, მამის საფლავზე მიმავალ თორიას გზა ჩაუხერგა სამმა ავტომობილმა. მათ შორის ერთ-ერთი იყო თეთრი ფერის, BMW-ს მარკის, X3 მოდელის ავტომანქანა, მეორე ავტომანქანა იყო "მერსედესის" მარკის, ლურჯი ფერის, ხოლო მე-3 ავტომანქანა იყო შავი ფერის, თუმცა მისი მარკის გარჩევა დაზარალებულებმა ვერ შეძლეს.
გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ სამივე ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით 8 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც მიუახლოვდნენ მალხაზ თორიას და ფიზიკურად გაუსწორდნენ როგორც მას, ასევე მასთან ერთად მყოფ არასრულწლოვან შვილს. ასევე, დაუზიანეს ავტომანქანა, დაუჭრეს ავტომანქანის ოთხივე საბურავი და წაართვეს მობილური ტელეფონი, რომელიც მოგვიანებით ახლომდებარე ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი.
მალხაზ თორია თავდამსხმელებს ეუბნებოდა, რომ რაღაც ეშლებოდათ, რაზეც თავდამსხმელები პასუხობდნენ, რომ არაფერი შეშლიათ და ზუსტად იქ იყვნენ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ. ძალადობის მომენტში მალხაზ თორიას პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ "მეტს იმსახურებდა, რადგან არასწორი გზა აირჩია და მათ განუდგა.
როგორც ირკვევა, თავდამსხმელები, დღის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ სოფელ კოკში, უთვალთვალებდნენ მალხაზ თორიას სახლს და ეძებდნენ ხელსაყრელ მომენტს თავდასხმისთვის. მოვითხოვთ ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას, თავდამსხმელების იდენტიფიცირებას და მკაცრად დასჯას" - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ,,დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული ხელისუფლება ყველანაირ ზღვარს გასცდა".