მესამე პრეზიდენტის ულტიმატუმი - "ოცნებაში" ამბობენ, რომ სააკაშვილი პრივილეგიებს ითხოვს
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმს ეხმიანება.
"ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, ენმ-სა და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მოთხოვნები არასწორი და უსაფუძლოა.
ნაციონალური მოძრაობის, მათი ფორმალური თუ არაფორმალური ლიდერების მხრიდან არის მოთხოვნა, რომ ცალკე, ახალი, განსხვავებული და პრაქტიკულად ერთ კაცზე მორგებული პატიმრობის კოდექსი იქნას დაწერილი ან უბრალოდ ყოველგვარი კანონის გარეშე, უკანონოდ რაღაც პრივილეგიებით ისარგებლოს ერთმა პირმა... ეს არასწორი მოთხოვნაა. ვფიქრობთ, უმჯობესია, ისევე როგორც ყველამ, ამ ადამიანებმაც შეეცადონ, რომ სამართლებრივი მდგომარეობა და მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებიან, შეუსაბამონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებს და არა პირიქით, საკუთარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ჩამოაყალიბონ ახალი წესები.
ინსინუაციების მოწყობა ამ საკითხის ირგვლივ გამართლებული არ არის. თუ სჭირდება კონკრეტულ პატიმარს მკურნალობა, შესაბამისი სამედიცინო სერვისი, ის ამას უპირობოდ მიიღებს, ასეთია წესი, შესაბამისად აქედან რაღაც ამბის შექმნა გამართლებული არ არის", - განაცხადა სარჯველაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხელისუფლებას ვადას 6 იანვრამდე აძლევს და პროტესტის უკიდურესი ფორმით იმუქრება.
პატიმარი პრეზიდენტის გზავნილი მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ გაახმოვანა.
მიხეილ სააკაშვილს ორი მთავარი მოთხოვნა აქვს: აღუდგეს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, ასევე, მისი ჯანმრთელობის მონიტორინგში ჩაერთონ ცენტრი "ემპათია", კონსილიუმი და უცხოელ ექსპერტთა ჯგუფები.