რუსეთს სრული კარტბლანში რჩება, რათა საქართველო დაგლიჯოს - შალვა ნათელაშვილი
,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის ინფორმაციით, იანვარში იწყება საერთაშორისო მოლაპარაკებები რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომ საქართველო ნატო-ში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე შევიდეს.
შავლა ნათელაშვილის მტკიცებით, ამის დადასტურებაა ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებაც.
,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი აღნიშნულ ფაქტს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.
სამთავრობო უმოქმედობის ფონზე 10-13 იანვარს იწყება მოლაპარაკებები დასავლეთსა და რუსეთს შორის საქართველოს ნატო-ში არშესვლის და ჩვენი ქვეყნისთვის სამხედრო მოკავშირეების აკრძალვის თაობაზე. ამ დროს რუსეთს სრული კარტბლანში რჩება, რათა საქართველო დაგლიჯოს, დაინაწილოს და ინავარდოს ისე, როგორც ამას აკეთებდა.
აღნიშნულ ფონზე გუშინ ნატო-ს გენმდივანმა, რასმუსენმა, გააკეთა განცხადება, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სამოქმედო გეგმა შეიძლება, გაიცეს აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე, ანუ ამ ტერიტორიაზე არ გავრცელდეს ნატო-ს ცნობილი კოლექტიური თავდაცვის მუხლი.
აბა მაშინ ნატო-ში რა გვინდა, თუ ვაღიარებთ რუსეთის მიერ წართმეულ ტერიტორიებს. პრაქტიკულად, მთელი მსოფლიო მაშინ აღიარებს, რომ ეს ტერიტორიები ჩვენი იურისდიქციის ქვეშ არ არის.
ამიტომ მოვუწოდებ უცხო მეგობრებსაც, შინაურებსაც, ამგვარი განცხადებისგან თავი შეიკავონ. საქართველო ყველაფერს გააკეთებს და ყველაფერი უნდა ვქნათ, რათა დაკარგული შიდა ქართლი და აფხაზეთი იქნას დაბრუნებული. ამისთვის მარტო ნატო-ში შესვლა კი არა, საქართველოს ტერიტორიაზე მისი ბაზების განლაგება და ამ ბაზებზე ბირთვული რაკეტები, სამხედრო ხელშეკრულება ვაშინგტონთან- ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მოსკოვი გახდეს იძულებული, დააბრუნოს ყველაფერი, რაც ჩვენია, რაც წაგვართვეს - განაცხადა ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა.