დასუსტებული მიხეილ სააკაშვილით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იხეირებს - ადვოკატი
მიხეილ სააკაშვილის კვალიფიციური სამედიცინო დახმარება სჭირდება, რაც რუსთავის პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორმა ექიმმაც დაადასტურა. ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა. უფლებდამცველი ასევე თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შიმშილობის დაწყება ამ ეტაპზე არასწორი ნაბიჯი იქნება, რადგან ამით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იხეირებს.
ვისაუბრეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და იმ ნაბიჯებზე, რომლის გადადგმის მოლოდინიც ნორმალურ სახელმწიფოში ჯანდაცვის სისტემიდან ექნებოდა ნებისმიერ ადამიანს. კონსულტაციაზე იმყოფებოდა ექიმი, რომელიც კონტრაქტორია სასჯელაღსრულების დაწესებულების და მისივე განცხადებით, ამ საუბრის დროსაც გამოიკვეთა, რომ მას სჭირდება კვალიფიცური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რასაც სამწუხაროდ, აქ ვერ იღებს. ვერ ჩავთვლი სწორ ნაბიჯად ახლა, ამ ეტაპზე მის მიერ შიმშილობის გამოცხადებას, რადგან ამით ერთადერთი ვინც ხეირობს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სურს დასუსტებული მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ის თემა, რომელიც აქტუალური იყო წინა დღეებში და რომელიც მომდევნო თეებშიც იქნება ძალიან აქტუალური, ეს არის დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში. საგამოძიებო კომისიის მუშაობა, იქ ადამიანების დაკითხვა, გამოკითხვა, მტკიცებულებათა გამოკვლევა საზოგადოებას კარგად აჩვენებს თუ რასთან გვქონდა შეხება წინა თვეებში, როდესაც მიხეილ სააკაშილის დაექვემდებარა არაადამაინურ და ღირსებაშემლახავ მოპყრობას, - თქვა მშვენიერაძემ.