სტრატეგიულ პარტნიორებთან კომუნიკაციის ინიციატივა ხელში ოპოზიციამ უნდა აიღოს - ,,დროა"

05.01.22 14:16
სტრატეგიულ პარტნიორებთან კომუნიკაციის ინიციატივა ხელში ოპოზიციამ უნდა აიღოს - ,,დროა"

დემოკრატიაზე ამგვარი თავდასხმები საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივისგან აშორებს -  პარტია ,,დროა" ეხმიანება ,,ქართული ოცნების" მხრიდან დასავლელი პარტნიორების მიმართ გახშირებულ კრიტიკას და მოუწოდებს პროდასავლურ ოპოზიციას, ხელში აიღოს ინიციატივა, რათა ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე უფრო ღირსეულად წარადგინოს. 

პარტია ,,დროა" განცხადებას ავრცელებს.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, კიდევ ერთხელ დაესხა თავს საქართველოს მთავარ პარტნიორებს და განაცხადა, რომ მათი განცხადებები “არყევს ქართული საზოგადოებს ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ”, რასაც მმართველი პარტია “არ დაუშვებს”.  

მსგავსი რიტორიკა ძალიან ჰგავს რუსული სტილის “სუვერენული დემოკრატიის” მოდელს, რომელიც სახელმწიფოების მხრიდან ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის დამახინჯებულ გაგებას გულისხმობს და გზას უხსნის ავტორიტარიზმს.

ამ განცხადებისა და დამოკიდებულების ზიანი იმაზე დიდია, ვიდრე მხოლოდ ქვეყნის იმიჯის შელახვა. მსოფლიოში სწორედ ახლა ყალიბდება რეალობა, რომელიც საქართველოს მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. 

სწორედ ამ ფონზე, განგაშის ზარი უნდა იყოს საქართველოში აშშ-ის საელჩოს 3 იანვრის განცხადება, რომელშიც საქართველოს მთავრობა სახელმწიფოს ანგარიშვალდებულებისთვის ძირის გამოთხრასა და სასამართლო სისტემის შესუსტებაში ამხილა. ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ღიად აღნიშნა, რომ დემოკრატიაზე ამგვარი დარტყმები საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის აშორებს და დაუცველს ხდის რუსული საფრთხეების წინაშე;

პარტია "დროა" მიიჩნევს, რომ ქვეყანას არ აქვს საერთაშორისო მოვლენებისაგან დისტანცირების ფუფუნება. ამიტომ...სტრატეგიულ პარტნიორებთან კომუნიკაციის ინიციატივა ხელში პროდასავლურმა ოპოზიციამ უნდა აიღოს.

პარტია “დროა” პროდასავლურ კოალიციასთან ერთად აქტიურად იმუშავებს, რათა ერთად წარვადგინოთ საქართველო და კიდევ ერთხელ ცხადვყოთ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი - ნათქვამია განცხადებაში.