უნდა შევადგინოთ დამნაშავე ჩინოვნიკთა ,,შავი სია - მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის ახალი გზავნილი რუსთავის მე-12-ე დაწესებულებიდან - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამოქალაქო საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, შეიქმნას ხელისუფლების დამნაშავე მაღალჩინოსანთა ,,შავი სია".
მიხეილ სააკაშვილის აზრით, ,,შავ სიაში" უნდა მოხვდნენ ყველა ის მაღალჩინოსნები, ვინც ხალხის ფული მოიპარა, ვინც ,,კერავს" საქმეებს და ადამიანებს უსამართლოდ სჯის.
მესამე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას მიუკერძოებელ იურისტთა ჯგუფი, რომელიც კორუმპირებულ ჩინოვნიკთა საქმეებს შეისწავლის.
ის მასშტაბი უკანონობის, რომელიც ახლა ხდება, განპირობებულია ძირითადად დაუსჯელობის სინდრომით. მე გთავაზობთ, დავუბრუნდეთ კორუფციონერთა და ადამიანის უფლებათა დამრღვევთა "შავი სიის" იდეას. ის ადამიანები, ვინც იარაღი ჩაუდო არჩევნების პერიოდში ყოფილ პოლიციელებს, ვინ მოიპარა დიდი რაოდენობით ხალხის საბიუჯეტო ფული, ვინც გაყალბებით შეკერა კარტოგრაფების საქმე, ვინც მიიღო მონაწილეობა ჩემ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში, უნდა შეიყვანონ ამ სიაში. ჩვენ უნდა შევქმნათ იურისტთა ჯგუფი, რომელიც მათი დანაშაულის შემადგენლობას მოიკვლევს, მტკიცებულებებს მოაგროვებს და ამის შემდეგ ჩვენ ეს საჯაროდ უნდა გამოვაქვეყნოთ, ასევე, უნდა მივმართოთ, დასავლეთის საელჩოებს, არ გასცენ მათზე ვიზები და შემოიღონ პერსონალური სანქციები.
ამ ხალხის: მოსამართლეების, პროკურორების, თანამდებობის პირების, ვინც გაძარცვა საქართველო და ვინც ამდენ უსამართლობას ჩადის, მოქალაქეები ქუჩაში უნდა სცნობდნენ და შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეთ, როგორც ქვეყნის დამაქცევლებსა და თითოეული ქართველის კეთილდღეობის მტერზე.
ჟურნალისტებს უკვე საკმარისი მასალები აქვთ შეგროვებული. მაგალითად, იმაზე, როგორ აუხსნელად გამდიდრდნენ ჩემი საქმეების პროკურორები. დადგა დრო, რომ ისინი კი არ გვადანაშაულებდნენ, არამედ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, შევხედოთ მათ თვალებში. შევადგინოთ სპეციალური საიტი და დავწეროთ მათი საბრალდებო დასკვნა - წერს მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი.