მიხეილ სააკაშვილის მორიგი ინიციატივა - გახარიას გუნდი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს
მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას დამატებით კიდევ ერთი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით პარტია "საქართველოსთვის" მხარს არ დაუჭერს. პარტიის წევრი, მიხეილ დაუშვილი, იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც გუნდში აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
კორუფცია და ნეპოტიზმი, რომელიც კორუფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, რომ ეს პრობლემა და რისკები ქვეყანაში არსებობს და დიახ, ამ კუთხით მუშაობა, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ პირველ რიგში, ორი მთავარი საკითხია, რის გამოც ასეთი მხარდაჭერა ვერ შედგება. პირველი, არის ის, რომ ჯერ ჩამოყალიბდნენ, როგორ მოქმედებდნენ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან დაკავშირებით, მერე ინიციატივა ჰქონდათ, რომ მოდით, ეს ორგანო ჩავანაცვლოთ საგამოძიებო კომისიით, ამიტომ შევქმნათ საგამოძიებო კომისია, რომელიც უშუალოდ ბატონ სააკაშვილთან იქნება დაკავშირებული. ახლა უცებ შეცვალეს და ამ კომისიაზე საერთოდ აღარ საუბრობენ და ახლა საუბარი დაიწყეს კომისიაზე, რომელიც თქვენ ახსენეთ. ამასთან, მნიშვნელოვანია, დავინახოთ, რომ ეს ხალხი, რასაც აკეთებს, აკეთებს არა მხოლოდ თავისი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, - თქვა მიხეილ დაუშვილმა.
მორიგი გზავნილი რუსთავის ციხიდან - საქართველოს მესამე პრეზიდენტი კიდევ ერთი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. საქმე ეხება დენის ტარიფის ზრდას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის აზრით, კორუფციის და ხელისუფლების წარმომადგენელების მხრიდან გადაცდომების შედეგია.