ულტიმატუმის ვადა იწურება - რა გეგმა აქვს მიხეილ სააკაშვილს?
ულტიმატუმის ვადა იწურება - სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა, მიმართვას თუ არა მიხეილ სააკაშვილი პროტესტის უკიდურეს ფორმას. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, "პირველებთან"ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გეგმებზე მისი დაცვის ქვეშ მყოფთან არ უსაუბრია და ვერ იტყვის, რას გეგმავს პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი.
ვერ გეტყვით, არ მისაუბრია ამ თემაზე პრეზიდენტთან, შესაძლოა, დღეს მოგვიწიოს ამაზე საუბარი"- განაცხადა "ტვ პირველთან" ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
თუთბერიძე რუსთავის ციხეში რამდენიმე წუთის წინ შევიდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილის პოზიციას გააჟღერებს.
საუბარი შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომლის დაცვა, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება სჭირდება. ჩვენი საუბრის თემა ძირითადად მე ვფიქრობ რომ ეს იქნება, რადგან მისი მდგომარეობა მართლაც რომ საყურადღებოა. რაც შეეხება სხვა პროცესებს, ბუნებრივია, ვისაუბრებთ, როგორც საქართველოში, ასე მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე. ვისაუბრებთ იმ სამართლებრივ პროცედურებზე, რაც წინ გველოდება"- განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუთბერიძის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა.
გორის ჰოსპიტალში არ იყო დასრულებული და ზოგიერთ შემთხვევაში დაწყებულიც კი რეაბილიტაციის ის კურსები, რომელიც სააკაშვილს კონსილიუმმა დაუნიშნა. ის ჰოსპიტალიდან წამოიყვანეს, ისე, რომ მას ეს კურსები არ გაუვლია. შესაბამისად, ბუნებრივია, სააკაშვილს ვერ გაეწევა შესაბამისი მკურნალობა რუსთავის დაწესებულებაში. არ არის დასრულებული კვებითი პროცესის აღდგენის კურსი. მისთვის სრულფასოვანი კვება ჯერაც შეუძლებელია. მიხეილ სააკაშვილი არის წონაში უფრო ნაკლები, ვიდრე იყო გორის ჰოსპიტალში გადაყვანის დროს. მისი ჯანმრთელობა და სამედიცინო მაჩვენებლები ცხადია, არის ცუდი და საყურადღებო"- განაცხადა თუთბერიძემ.