გამამტყუვნებელი განაჩენი სრული უკანონობა იქნება - ადვოკატი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე

10.01.22 19:12
გამამტყუვნებელი განაჩენი სრული უკანონობა იქნება - ადვოკატი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე

ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესი განახლდება. ადვოკატი ზვიად კორძაძე აღნიშნულ საქმეზე გამამართლებელ განაჩენს ელოდება. მისი განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს იმ შემთხვევაში გაამტყუვნებენ, თუ სასამართლომ სამართლებრივ სივრცეს გასცდება. თუმცა უფლებადამცველი არანაირ შედეგს ხვალ არ გამორიცხავს. 

სამართლებრივად თუ ვიტყვით, ამ საქმეზე გამამართლებელ განაჩენს ველოდებით, რადგან ბოლო სხდომამაც დაადასტურა, რომ ფულის გათეთრების არავითარი ნიშანი ამ საქმეში არ არსებობს. მარტივად რომ ვთქვა, გასათეთრებელი ფული ჯერ უნდა გქონდეს, რომ მერე უნდა იფიქრო მის გათეთრებაზე. ანუ სამართლებრივად გამამტყუვნებელი განაჩენის საფუძველი არ არსებობს, რაც შეეხება ფაქტობრივ მოლოდინებს, მე არც სამწლიან პროცესს ველოდებოდი, მაგრამ ამ ქვეყანაში როგორ შეიძლება, რომ განვითარდეს მოვლენები?

ველოდებით ყველაფერს და ეს გაცნობიერებული აქვთ მამუკასაც და ბადრისაც. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გადააბიჯებს სასამართლო სამართლებრივ მოცემულობას და გამოვა სამართლებრივი სივრციდან. თუ ეს არ მოხდება და სამართლებრივ სივრცეში დარჩება, მაშინ ამ საქმეზე უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი. 

ამ საქმეზე გაგამამტყუვნებელი განაჩენი იქნება წარმოუდგენელი უკანონობა, რადგან ის ძალიან ცუდ კარს გახსნის არა მარტო ხაზარაძისთვის, არამედ სხვა ბიზნესმენებისთვისაც, ისეთ რაღაცეებზე ფულის გათეთრების დაბრალებას, რასაც ეს კანონი არ ითვალისწინებს. - განაცხადა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ,,ტვ პირველზე" ჩართვისას.