პარტიის განახლება აუცილებელია - ნიკა მელია ,,ენმ"-ში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე

10.01.22 19:06
პარტიის განახლება აუცილებელია - ნიკა მელია ,,ენმ"-ში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე

,,დროთა განმავლობაში პარტიის შიგნით განახლება აუცილებელია - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ნიკა მელიას განმარტებით, ცვლილებები განპირობებულია იმ გამოწვევებით, რის წინაშეც დგას პარტიას და ქვეყანაც. 

ნიკა მელია აცხადებს, რომ საკადრო ცვლილებები განხორციელდება რეგიონულ ორგანიზაციებშიც.

განახლება და გადანაცვლებები მნიშვნელოვანია, რათა პოლიტიკურმა პარტიამ კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ცვლილებები გამოწვეულია იმ აუცილებლობის გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დგას ,,ენმ" და ჩვენი სახელმწიფოც.

უნდა ვთქვა, რომ ამ ცვლილებების გატარებას შარშანაც ვაპირებდი, მაგრამ არ მომეცა ამის შესაძლებლობა გარკვეული მიზეზების გამო და პროცესი გაიწელა. ახლა ვთვლი გარდაუვალ აუცილებლობად, რომ პარტიამ მნიშვნელოვნად შეცვალოს როგორც თავისი დღის წესრიგი, ასევე შიგთავსიც კი და ბევრად უფრო გასაგები სამართლებრივ ფორმა გვქონდეს  საზოგადოებისთვის.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რისთვის ვიბრძვით და გვინდა. ამიტომ აუცილებლობა ცვლილებების მხოლოდ იმით არ არის განპირობებული, რომ ის, ვინც აქტიური იყო დღემდე პარტიაში, ვერ ართმევდა თავს და სხვა გაართმევს. არავითარ შემთხვევაში. არც იმას ნიშნავს, რომ პარტიაში მხოლოდ და მხოლოდ ენერგიით სავსე ახალი თაობა უნდა მოვიდეს. ჩვენ კარი უნდა გავუღოთ ყველა გამოცდილ საქართველოს მოქალაქეს. მათ უნდა დაინახონ ჩვენში იმედი და პერსპექტივა.

,,ნაცმოძრაობა" არ იბრძვის ერთის მეორეთი ჩასანაცვლებლად. მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენ მხოლოდ ნათელი მომავლის შესაქმნელად ვიბრძვით, რომ ჩვენი ბედი ჩვენსავე ხელში იყოს. პროცესი, რომელიც დღეს დავიწყეთ, გაგრძელდება.  მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები პარტიის შიგნით - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღეს ,,ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომაზე საკადრო ცვლილებების განხორციელების გადაწყვეტილება მიიღეს. დღეიდან პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიას ნაცვლად კობა ნაყოფია იქნება. მისი მოადგილე კი - აკო მინაშვილი. 

,,ნაცმოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი კი პეტრე ცისკარიშვილი იქნება. 

,,ენმ"-ს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაალ უდუმაშვილი აღარ იქნება და მის ფუნქციას ნიკა მელია შეითავსებს.