ივანიშვილს მინდა ვუთხრა, ჩვენ შენი არ გვეშინია - ვატო წერეთელი

11.01.22 11:17
ივანიშვილს მინდა ვუთხრა, ჩვენ შენი არ გვეშინია - ვატო წერეთელი

ბიძინა ივანიშვილს მინდა ვუთხრა, რომ არ გვეშინია შენი ჩვენ, - ამის შესახებ ,,ტვ პირველის" დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა, საქალაქო სასამართლოში მისვლისას განაცხადა. წერეთლის თქმით, მამამ, ავთო წერეთელმა საზღვარგარეთ მკურნალობა შეწყვიტა და სპეციალურად სასამართლო პროცესისთვის ჩამოფრინდა.

,,ტვ პირველის" დამფუძნებელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ქვეყანას კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი ეყოლება. 

მოლოდინები დაპატიმრებასთან დაკავშირებით რა უნდა იყოს... სამი წელია, ისედაც დაპატიმრებულები ვართ, ვცხოვრობთ სასამართლო დარბაზში. რაც შეეხება მამას, შევწყვიტეთ მკურნალობა და გუშინ ჩამოვფრინდით. ბიძინა ივანიშვილს მინდა ვუთხრა, რომ არ გვეშინია შენი ჩვენ. ჩამოვფრინდით, სასამართლო დარბაზში ვართ და ველოდებით განაჩენს. არანაირი პრობლემა არ არის, ჩვენ ბევრჯერ ვართ ნასაუბრები და იგი გახდება პოლიტიკური პატიმარი ისევე, როგორც ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს ამ ქვეყანას, - თქვა ვატო წერეთელმა. 

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს.

სასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დაიწყო.