მე გავაგრძელებ ბრძოლას ბოლომდე - მამუკა ხაზარაძე
"ლელოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს ვერდიქტს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად პარტიის ოფისში ელოდებიან. ხაზარაძის თქმით, ის ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.
მე არ ვიცი პოლიტიკური სპექტრი რა ეტაპზე გადავა, მაგრამ მე რომ გავაგრძელებ ბრძოლას ეს ფაქტია. გავაგრძელებ ბოლომდე ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
ზუსტად 11:00 საათზე საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფული გათეთრების საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.
იმ შემთხვევაში, თუ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი გამტყუნდებიან, მათ 12-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი მათ ბრალი წარუდგინათ. მათ 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება.
"ტვ პირველის" დამფუძნებელს, ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებაში ადანაშაულებს.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება.