ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა

12.01.22 11:01
ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი  სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე ჯაფარიძე და ავთანდილ  წერეთელი  სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძემ  გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა, ბადრი ჯაფარიძეს და  ავთანდილ წერეთელს   7 წლით პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ისინი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ.

აღსანიშნავია, რომ მუხლი, რომელიც ფულის გათეთრებას გულისხმობდა, მოსამართლემ გადააკვალიფიცირა და თაღლითობის მუხლით შეცვალა. კერძოდ, გიორგი არევაძემ ისინი სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით ცნო დამნაშავედ, რაც წინასწარი შეთანხმებით,  დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს. 

ამასთან მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ განესაზღვრათ გირაო და აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.

თიბისი ბანკის დამფუძნებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი მათ ბრალი წარუდგინათ. მათ 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება.

"ტვ პირველის" დამფუძნებელს, ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებაში ადანაშაულებს. 

ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება.