კმაყოფილების საფუძველი არც ჩვენ გვაქვს - კახა წერეთელი პროკურატურის განცხადებაზე

12.01.22 15:26
კმაყოფილების საფუძველი არც ჩვენ გვაქვს - კახა წერეთელი პროკურატურის განცხადებაზე

პროკურატურის განცხადება, რომელიც ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას ეხება, ტვ პირველი დამფუძნებლის, ავთანდილ წერეთლის ადვოკატისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. კახა წერეთელის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილების საფუძველი არც დაცვის მხარეს აქვს, რადგან რეალურად ბრალდებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ. 

ავთანდილ წერეთელის ინტერესების დამცველი დავის გაგრძელებას არც უზენაეს სასამართლოში გამორიცხავს.

არ არის მოულოდნელი ის, რომ პროკურატურა გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან საფუძველი იმისა, რომ პროკურატურა კმაყოფილი დარჩეს, ნამდვილად არ არის დღევანდელი გადწყეტილებით. სასამართლომ პირდაპირ აღნიშნა, რომ ფულის გათეთრების ნიშნები საქმეში არ არის, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით პირველივე წუთიდან. არც ჩვენ გვაქვს კმაყოფილების საფუძველი იმით, რომ სასამართლომ ეს ყველაფერი შეაფასა თაღლითობად. ბუნებრივია, ჩენი დაცვის ქვეშ მყოფებს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ და სწორედ მათი სრული გამართლების მოთხოვნა იქნება ჩვენი საჩივრის ძირითადი ღერძი. რთული იქნება, რომ სააპელაციო სასმართლომ ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყეტილება მიიღოს, შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, რომ დავა გაგრძელდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოშიც, - თქვა ინტერესების დამცველმა. 

 ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსმართლე გიორგი არევაძემ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. მან სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, თუმცა მუხლი გადაუკვალიფიცირა და ამჯერად ფულის გათეთრების ნაცვლად ბრალი თაღლითობაში  დასდო. არსებული მუხლი საქმის ხანდაზმულობას ითვალისწინებს, აქედან გამომდინარე, სამივე ბრალდებული სასჯელისგან გათავასუფლებული იქნა.