მინიმუმ 40 წუთიანი სიტყვის უფლება, როცა პარლამენტში შევალ - შალვა ნათელაშვილი

12.01.22 15:28
მინიმუმ 40 წუთიანი სიტყვის უფლება, როცა პარლამენტში შევალ - შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული პარტია" პარლამენტში შესვლას ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავს, რათა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას მიაღწიოს- ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, ოპოზიციის პარლამენტში შესვლამ ბოიკოტის იდეას აზრი დაუკარგა, ამასთან სოციალურ ქსელებში აქტიურად მიმდინარეობს გამოკითხვის პროცესი და შესაძლოა, საგაზაფხულო სესიამდე, ანუ თებერვლის თვეში, ,,ლეიბორისტული პარტია" საკანონმდებლო ორგანოში შევიდეს. 

ოპოზიციის პარლამენტში შესვლამ აზრი დაუკარგა ყოველგვარ ბოიკოტს. შექმნილ ვითარებაში, თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ დავიწყეთ გამოკითხვა სოცქსელებში, შევიდეს თუ არა ,,ლეიბორისტულიუ პარტია" აი ამ ორგანიზებულ დამნაშავეთა სტრუქტურაში და ამხილოს პირადად იმ საქმეებში, რასაც უკეთებენ ქვეყანას და ხალხს. 

ახლა ხელისუფლებას შიშის ზარი დაეცა, როცა წარმოიდგინა, როგორ ვამხელ მათ პარლამენტის ტრიბუნიდან. გადავიდნენ დაუკრეფავში ...

ერთი რამ იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა, მე მიწის ზევით ვიქნები, მიწის ქვევით, თუ კოსმოსში, მის რეჟიმს აუცილებლად დავამხობ. თვითონ საბრალდებო სკამზე დაჯდება- ეს კარგად დაიხსომოს. ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მე შემიწყვიტავენ საპარლამენტო უფლებამოსილებას, თუ არა.

გამოკითხვა მიმდინარეობს და ალბათ, საგაზაფხულო სესიამდე ჩამოვყალიბდებით. უპირველესი მოთხოვნა მექნება მინიმუმ 40 წუთიანი სიტყვის უფლება, როცა პარლამენტში შევალ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.