დაეთანხმება თუ არა პრეზიდენტი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას - ვეტოს დადების ვადა იწურება

13.01.22 11:08
დაეთანხმება თუ არა პრეზიდენტი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას - ვეტოს დადების ვადა იწურება

პრეზიდენტმა სალომე  ზურაბიშვილმა დღეს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ვეტოს დაადებს თუ ხელს მოაწერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს.  სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციით განსაზღვრული დრო დღეს  ეწურება.  სალომე ზურაბიშვილი ჯერჯერობით დუმს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო დაადოს. 

ეს იქნებოდა სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მას გამოეყენებინა ვეტოს უფლება ამ სამარცხვინო კანონპროექტის, თუ გასაუქმებლად არა, შესაჩერებლად მაინც და მიეცა შანსი ოპოზიციისთვის პარლამენტში რომ გაეგრძელებინა პროცედურული ბრძოლა", - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

მოულოდნელი არ იქნება, რომ ვეტო არ დაადოს, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ მისი განცხადებებიდან უნდა ველოდეთ, რომ მან ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს", - ამბობს ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი. 

პარტია "საქართველოსთვის" ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ეწინააღმდეგება. 

ძალიან ვისურვებდი, რომ მან ვეტო დაადოს, რომ "ოცნებას" ამაში მინიმუმ პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწიოს, თუ არ დაადებს ვეტოს იმას ნიშნავს, რომ უკანონო მოსმენას, ადამიანების წამებას მწვანე შუქს უნთებს ხელისუფლება, აღრა იარსებებს დამოუკიდებელი უწყება, რომელიც ჩვენ დაგვიცავს," - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

მმართველი უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1-ელი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და მის ნაცვლად ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

რაც შეეხება "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებს, მოსამართლეთა მიმართ ახალი სახის დისციპლინური ზომები შემოდის. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებები არსებულზე დაბალი კვორუმით მიიღება.