სუს-ი "ჩამწერ მოწყობილობებს" საიდუმლო წესით ყიდულობს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალ ელექტრო მოწყობილობებს ყიდულობს. ამისთვის უწყებამ ტენდერი გამოაცხადა, ღირებულებად 101 616 ლარია მითითებული.
შესყიდვის კატეგორიას, რომლითაც ტენდერია გამოცხადებული, "ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა" ჰქვია. სუს-ში არ აკონკრეტებენ რა ტექნიკური საშუალებების ყიდვა სურს უწყებას და რაში სჭირდება მას აპარატურა.
"აღნიშნული ელექტრონული პროცედურა არ წარმოადგენს ელექტრონულ ტენდერს. მითითებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება პირობითია და არ უკავშირდება რეალურ ფასს (რეალური ფასი დაზუსტდება დაინტერესებული პირის მიერ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში, რომელიც დაინტერესებულ პირს გადაეცემა საიდუმლო წესით), პროცედურით ვლინდება დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი, რომელთანაც საიდუმლო გრიფით გაფორმდება ხელშეკრულება", - წერია შესყიდვების სამსახურის ვებგვერდზე.
ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება მოსმენების მასშტაბს კიდევ უფრო გაზრდის. პარტია "საქართველოსთვის" წევრი კახა ქემოკლიძე მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების სამსახური ფულს პარტიული ინტერესების გასატარებლად იყენებს.
ტექნიკა უნდა იყიდონ და დიდი ფულიც გამართლებადია, თუ ეს ემსახურება სახელმწიფოს რეალურ უსაფრთხოებას. კონკრეტული ჩინოვნიკები, რომლებიც წესით და კანონით როგორც შიდა ასევე საგარეო მტრების განეიტრალებას უნდა ემსახურებოდნენ, საბოლოო ჯამში არიან დაკავებული პარტიული ინტერესების განხორციელებით", - ამბობს კახა ქემოკლიძე.