ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე იმისკენ იყო მიმართული, რომ ჩავარდნილიყო პორტის პროექტი - ანაკლიის კონსორციუმი
"ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე იმისკენ იყო მიმართული, რომ ჩავარდნილიყო პორტის პროექტი" - "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება. კონსორციუმის განცხადებით, საქმე პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელებას წარმოადგენს.
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე იყო და არის პოლიტიკური და მიმართული იმისკენ, რომ ჩავარდნილიყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.
ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური სახის შენარჩუნების მცდელობა ქართული სასამართლოსა და მთავრობის მიერ. სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის ბრალდება ფულის გათეთრების საფუძვლით, თუმცა თვითნებურად გადააკვალიფიცირა თაღლითობით, რისი კანონიერი საფუძველიც მას არ ქონდა. ეს შედეგი ფარსია, რადგან პროკურატურას ასეთ დანაშაულზე არ წარუდგენია ბრალი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის და სასამართლოზე ის არ განხილულა. ჩვენი გადასახედიდან, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის განზრახვაა - ანაკლიის პროექტი არ განხორციელდეს, ან თუ გაგრძელდება, არა კონსორციუმის ინვესტორების მონაწილეობით", - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო, საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა. სასამართლომ საქმეში ფულის გათეთრება ვერ აღმოაჩინა და მუხლი გადააკვალიფიცირა. მოსამართლემნ ისინი თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.