საზღვრის კვეთის საქმე - მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში მიიყვანეს
საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი იწყება. მესამე პრეზიდენტი სპეციალური ესკორტით სასამართლოს შენობაში უკვე მიიყვანეს. სააკაშვილი ამ წუთებში პატიმრების ოთახშია და დარბაზში შეყვანას ელოდება. არსებული ინფორმაციით, სააკაშვილი სასამართლოს სიტყვით მიმართავს.
ადვოკატების პირველი შუამდგომლობა იქნება რომ პროცესი პირდაპირი ეთერის მეშვეობით გადაიცეს. როგორც ცნობილია, პროცესს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაესწრება. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს. სხდომას ასევე დაესწრება მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი.
სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. სხდომის პარალელურად,საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია იმართება. სააკაშვილს მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები სოლიდარობას უცხადებენ.
მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.