ჩემმა ჩამოსვლამ ბოლო ლურსმანი ჩაასო რეჟიმის ლეგიტიმურობის კუბოში - სააკაშვილი
"ჩემმა ჩამოსვლამ ბოლო ლურსმანი ჩაასო რეჟიმის ლეგიტიმურობის კუბოში", - ამის შესახებ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ისაუბრა. სააკაშვილის მტკიცებით, მისი ჩამოსვლის შემდეგ ოპოზიციამ არჩევნები ყველგან მოიგო.
იძახიან, სააკაშვილის ჩამოსვლამ არაფერი ისეთი ეფექტი არ მოახდინაო. თვლა იცით? ადგილობრივ არჩევნებს ასე იგებდა ეს მთავრობა ყოველთვის. ადგილობრივ არჩევნებზე ხალხი არ გამოდიოდა. ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ოპოზიციამ მოიგო ადგილობრივი არჩევნები ყველგან საქართველოში. აი, რა მოიტანა სააკაშვილის ჩამოსვლამ - ჩემმა ჩამოსვლამ ბოლო ლურსმანი ჩაასო რეჟიმის ლეგიტიმურობის კუბოში. ჩემმა ჩამოსვლამ მოიტანა ის, რომ ოპოზიცია ერთიანია, როგორც არასდროს, ჩემმა ჩამოსვლამ მოიტანა ის, რომ ხალხში აქტიურობა და იმედია, როგორც არასდროს", - თქვა სააკაშვილმა.
სააკაშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ის საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.