ნადირობა საქართველოს მოქალაქეებზე - საოკუპაციო რეჟიმი სტატისტიკას აქვეყნებს

14.01.22 12:16
ნადირობა საქართველოს მოქალაქეებზე - საოკუპაციო რეჟიმი სტატისტიკას აქვეყნებს

ნადირობა საქართველოს მოქალაქეებზე - მხოლოდ დეკემბრის თვეში საოკუპაციო რეჟიმმა ცხინვალის მიმდებარედ საქართველოს 55 მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას თავად საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების სამსახური ავრცელებს. საქართველოს 6 მოქალაქე ამ დრომდე ცხინვალის ციხეში რჩება.

ამის მიუხედავად, სუს-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ოკუპანტებმა მხოლოდ საქართველოს 67 მოქალაქე გაიტაცეს.

აღნიშნული ინფორმაცია კითხვის ნიშნებს უჩენს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან. ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან განმარტებების გაკეთებას ითხოვენ.

სტატისტიკის თანახმად, სუსი გვეუბნება, რომ 67 ადამიანი იყო გატაცებულიო, ხოლო საოკუპაციო რეჟიმის სტატისტიკა გვეუბნება, რომ მხოლოდ დეკემბერში 55 ადამიანი იყო. აქ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, ვის სტატისტიკას ვენდობით. თუ ვენდობით ამ შემთხვევაში საოკუპაციო რეჟიმის სტატისტიკას, მაშინ გატაცებები რაოდენობა არის მკვეთრად გაზრდილი და მაშინ გადასახედია ასევე წინა წლების სტატისტიკა. მაგრამ ეს წლევანდელი სტატისტიკა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოქვეყნებული, კარდინალურად განსხვავდება დაახლოებით, ცდომვლილება გამოდის 100%-იანი. უნდა დაველოდოთ სუსის განცხადებას, რომელმაც უნდა აგვიხსნას რა შია საქმე, - თქვა ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" ლიდერი, დავით ქაცარავა. 

ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ 13 იანვრით თარიღდება. ე.წ. უშიშროების სამსახურის კომიტეტი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საზღვრის კვეთის სურვილის შემთხვევაში თან სპეციალური საშვები იქონიონ.