შეშფოთებულები ვართ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით - UN Georgia

14.01.22 16:14
შეშფოთებულები ვართ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით - UN Georgia

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. 

გაერო მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოითხოვოს შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების მოსაზრება ამ გადაწყვეტილებების საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრის შესახებ.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ  გადაწყვეტილება მიღებული იქნა დაჩქარებული წესით და ინკლუზიური, გამჭვირვალე დისკუსიების გამართვის გარეშე.

"გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში სინანულს გამოთქვამს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო. 2022 წლის 13 იანვარს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლითაც უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება ორი ცალკეული ინსტიტუტი: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ერთ-ერთი ყველაზე სანდო, დამოუკიდებელი და ავტორიტეტული ინსტიტუტია, რომელიც უფლებამოსილია გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევები და უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების დაცვის ზედამხედველობა საქართველოში. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით და ინკლუზიური და გამჭვირვალე დისკუსიების გამართვის გარეშე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესაბამისი საფუძვლისა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ექვსწლიანი მანდატის ჩამორთმევის აუცილებლობის დამაჯერებელი დასაბუთების არარსებობა შემაშინებელ გზავნილს უგზავნის ადამიანის უფლებათა დამცველ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს.

შეშფოთებულნი ვართ, რომ ახლადშექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატში შემავალი დანაშაულებათა სიის არსებითი გაფართოება გამოიწვევს უწყების გადატვირთვის სერიოზულ რისკს და მისი გუნდის ყურადღების გადატანას მისი ძირითადი მანდატის შესრულების - დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლისაგან. წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის საკითხებზე გაერო-ს სპეციალური მომხსენებელის საქართველოში მისიის დროს (2015 წ.) გაიცა რეკომენდაცია, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება რომ არსებობს რისკი ზედმეტად ფართო იურისდიქციამ, იქნება ეს ექსკლუზიური თუ დისკრეციული, შესაძლოა [სახელმწიფო ინსპექტორის] ამოცანა მეტისმეტად გაართულოს [თუკი] ... სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულებები, რომლებიც არ შედიან წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ძირითად ჯგუფში... [მისი მანდატის ფარგლებში შევა]“.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოითხოვოს შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების მოსაზრება ამ გადაწყვეტილებების საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრის შესახებ", - ნათქვამია გაეროს განცხადებაში.