დევნა პოლიტიკური ნიშნით - სასამართლო გახარიას თანაგუნდელის საქმეს იხილავს
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას თანაგუნდელის, აკაკი ბართაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლის წინაშე, ბრალდების მხარის მოწმეები უნდა გამოიკითხონ. ექსპრემიერის პარტიის წევრს გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. გახარიას პარტიაში კი ამბობენ, რომ მათ მხარდამჭერს იარაღი ჩაუდეს.
აკაკი ბართაიას ადვოკატი, ზაზა დათუკიშვილი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი 20-მდე პოლიციამ დააკავა და სიმართლეს არ შეესაბამება საგამოძიებო ორგანოების მიერ გავრეცელებული ინფორმაცია, რომ ბართაია სამმა პოლიციელმა აიყვანა.
ირკვევა ისიც, რომ საქმეში სამხრე კამერების ჩანაწერები არ დევს, რითაც ბართაიას ჩხრეკა უნდა აღებეჭდათ.
რაიმე მტკიცებულება, რომელიც ბრალეულობას დაამტკიცებდა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. დღეს დავაყენებთ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას, გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ამ შუამდგომლობას დააკმაყოფილებს.
აკაკი ბართაია გაჩხრიკული და დაკავებული ჰყავდა დაახლოებით 25 გამომძიებელს, რაც ბუნებრივია, წინააღმდეგობაშია თავდაპირველ მასალებთან. აქვე, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ 25 გამომძიებლიდან თურმე არცერთს არ ჰქონდა შესაძლებლობა, შეესრულებინა საკონსტიტუციო სასამართლოს მითითება და ერთ-ერთ მათგანს მაინც მოეხდინა ცხრეკის ვიდეო გადაღება"- აცხადებს ადვოკატი.
პარტია "საქართველოსთვის" დაპატიმრებული წევრის პროცესს, პარლამენტის სამი დეპუტატი, შალვა კერესელიძე, კახა ქემოკლიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი ესწრებიან.
გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია.
საქმე სრულად გაყალბებული და ფალსიფიცირებულია შეთითხნილი მტკიცებულებებით. ყველა ეტაპზე, ბრალდების მხარეს რაც კი მტკიცებულებები ჰქონდა წარმოდგენილი, არის ბათილობის საფუძველი.
ეს ადამიანი ერთხელ იყო რეჟიმის მსხვერპლი, ნაციონალური მოძრაობის დროს, როცა ბუტა რობაქიძის საქმეზე ტყუილად იჯდა. დღეს კი ვხედავთ, რომ იგივე ტიპის ანგარიშსწორება ხორციელდება მის მიმართ"- თქვა დეპუტატმა.