სააკაშვილის საქმეს თავიდანვე ყურადღებით, ძირითადად სამი კუთხით ვაკვირდებით - ჰარცელი

18.01.22 17:40
სააკაშვილის საქმეს თავიდანვე ყურადღებით, ძირითადად სამი კუთხით ვაკვირდებით - ჰარცელი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმე - საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან. 

მიხეილ სააკაშვილის საქმეს თავიდანვე ყურადღებით ვაკვირდებით, ძირითადად სამი კუთხით: პირველი და უმნიშვნელოვანესი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მეორე, მის მიმართ, როგორც პატიმრის მიმართ მოპყრობა და მესამე, რომ მის საქმეებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები იყოს სამართლიანი.

ჩვენ ხვალ ველოდებით სახალხო დამცველის სამედიცინო გუნდის ანგარიშს და ძალიან მნიშვნელოვანია, რა იქნება ამ ჯგუფის შეფასებები, ვინაიდან ობიექტური სამედიცინო რეკომენდაციის გათვალისწინება მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ დროს, როდესაც აფასებ, თუ როგორია სიტუაცია და რისი გაკეთებაა საჭირო მომავალში. სააკაშვილთან დაკავშირებით ვიდეოების გამოქვეყნებას, ვუყურებთ როგორც ადამიანის უფლებათა მხრიდან და ასევე საერთაშორისო სამართლის კუთხით. ეს ყველაფერი ბევრ კითხვას იწვევს, ასეთი რამ არ უნდა განმეორდეს“- განაცხადა ელჩმა ჰარცელმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება დღეს შეიტანეს.

ადვოკატები სააკაშვილის არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლად ცნობას ითხოვენ.