მომხდარი ტრაგედია სახელმწიფოს უმოქმედობის და უნდობლობის პოლიტიკის შედეგია - NGO-ები
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარი ტრაგედია სახელმწიფოს უმოქმედობის და უნდობლობის პოლიტიკის შედეგია.
მესამე სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებას სანატორიუმში მცხოვრები დევნილების უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში განსახლების უზრუნველსაყოფად სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ უგულებელყო საფრთხის შემცველ გარემოში დევნილთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულება და 16 იანვარს ადგილზე მომხდარი ტრაგედია სწორედ უმოქმედობის და უნდობლობის პოლიტიკის შედეგია - წერია განცხადებაში.
მათივე შეფასებით, 2015 წელს ჩატარებული ბოლო ექსპერტიზა აჩვენებს, რომ შენობა ცხოვრებისთვის უვარგისია. თუმცა 6 წლის შემდეგაც დევნილების განსახლება სახელმწიფომ არ უზრუნველყო.
ხელმომწერი ორგანიზაციები თვლიან, რომ დევნილთა ინტერესების წარმოდგენას ვერ უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაც, რომლის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა დაბალია.
ეს პრობლემა კიდევ ერთხელ გამოჩნდა აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლის დავით ფაცაციას დანიშნვისა და სანატორიუმში მცხოვრებ დევნილებთან კომუნიკაციის პროცესში.
სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიერ დევნილები დანახულნი არიან არა როგორც პოლიტიკური აგენტობის მქონე მოქალაქეები, არამედ ბენეფიციარები, რომელთა პოლიტიკის მართვისთვის მცირე ტექნოკრატიული სამუშაოებიც საკმარისია. ცხადია, რომ დევნილების მიმართ ამგვარი პოლიტიკა გავლენას ახდენს კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის პროცესზე, რომელიც ვერ აჩვენებს კონფლიქტის მსხვერპლების მიმართ ჯეროვან მოპყრობას და მაღალ ინტერესს და გამოტოვებს იმ განსაკუთრებულ პოტენციალს, რომელიც დევნილებს ნდობის მშენებლობის და შერიგების პროცესში შეიძლება ჰქონდეთ"- ნათქვამია განცხადებაში.
მესამე სექტორი სახელმწიფოს ვალდებულებას ახსენებს და კიდევ ერთხელ ითხოვს, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს სანატორიუმში მაცხოვრებლების უსაფრთხოება და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა და მოუწოდებს მთავრობასა და შესაბამის უწყებებს:
- დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სანატორიუმში მცხოვრებ დევინილთა გადაყვანა უსაფრთხო და ადეკვატურ საცხოვრისში;
- მოახდინოს ამ შენობაში მცხოვრები ადამიანების ინტერესების უპირობო პრიორიტეტიზაცია და უმოკლეს ვადებში, პირველივე შესაძლებლობისთანავე, უზრუნველყოს ისინი ღირსეული საცხოვრისით;
- პროაქტიურად, ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, განხორციელდეს უსაფრთხოების რისკების წინაშე მდგარ სხვადასხვა ობიექტებში მცხოვრები დევნილების მდგომარეობისა და საჭიროებების კვლევა და მათი დროული განსახლება ჯეროვანი ალტერნატივების შექმნის გზით.
- იმსჯელოს დევნილთა საჭიროებების, ინტერესების და წუხილების რეპრეზენტაციის უკეთეს ინსტიტუციურ გზებზე და მექანიზმებზე.