პარტნიორების უპატივცემულობა - ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ ევროპარლამენტარებთან შეხვედრა განგებ ჩაშალა
კრიტიკული აზრის მიუღებლობა და პარტნიორების უპატივცემლობა - ასე აფასებენ ხელისუფლების ოპონენტები ფაქტს, რომ შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს არ შეხვდა.
პოლიტიკოსების თქმით, ეს ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა პარტნიორებს კომუნიკაციასა და შეხვედრაზე უარს ეუბნებიან.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას, განცხადებით, ასეთი ქმედებებით ქვეყნის ინტერესი ზიანდება.
მის იმიჯზე მეტად, რა თქმა უნდა, საგანგაშოა ქვეყნის იმიჯი, რომელიც ბუნებრივია, ზიანდება, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე მოუცლელობის გამო ევროპარლამენტარების მიღებაზე უარს აცხადებს იმ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ, რომელმაც სხვადასხვა პარტიებს შორის დიალოგის დაწყება უნდა გამოიწვიოს"- აცხადებს ბოკუჩავა.
ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ შალვა პაპუაშვილი პარტნიორებს განზრახ არ შეხვდა.
ჩემი შეფასებით, ეს იყო განზრახ გადადგმული ნაბიჯი. პარლამენტის თავმჯდომარეს რომ სურდეს, რომ ჟან მონეს დიალოგი მალე დაიწყოს და დიალოგი გაიმართოს პარლამენტებს შორის, ის ამისთვის ნაბიჯებს გადადგამდა. დროსაც გამონახავდა და სწორ კომუნიკაციას წარმართავდა და არ აიძულებდა ჩვენს პარტნიორებს, ამ ტიპის განცხადება გაეკეთებინათ. ეს არის მიზანიმართულად ჩვენი ქვეყნის დაშორება პარტნიორებისგან"- თქვა მან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პირველ ინტერვიუს ჩაშლილ ვიზიტზე "პირველებს" აძლევს და ევროპელ პოლიტიკოსებს პასუხობს. მისი მტკიცებით, ევროპარლამენტარებისთვის მოუცლელობის გამო შეხვედრაზე უარი არ უთქვამს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 21-22 იანვარს დაგეგმილი ევროპარლამენტარების ვიზიტი გაუქმდა. ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრების, ვიოლა ფონ კრამონის, მირიამ ლექსმანისა და მარინა კალიურანდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ შალვა პაპუაშვილმა მათთვის დრო ვერ გამონახა.