"პირველების" ინფორმაცია დადასტურდა - ნათია თურნავა მოხსნეს

09.02.22 14:04
"პირველების" ინფორმაცია დადასტურდა - ნათია თურნავა მოხსნეს

"პირველების" ინფორმაცია დადასტურდა - ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრი აღარ არის. მას სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი შეცვლის. 

განცხადება რამდენიმე წუთის წინ  პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ამ პოსტს ოთარ შამუგია ჩაიბარებს. შამუგია ამ დრომდე ლევან დავითაშვილის მოადგილე იყო. 

სად მიდის ნათია თურნავა უცნობია. ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა თქვა მხოლოდ ის, რომ რამდენიმე მიმართულებას განიხილავს. მეტიც, მისი განცხადებით, სურვილი აქვს სფერო შეიცვალოს.

თურნავა ირწმუნება, რომ გუნდის წევრად რჩება. რამდენიმე თვის წინ, 2021 წლის 20 დეკემბერს, ნათია თურნავა მედიას არწმუნებდა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა და მისი გადადგომის შესახებ "პარტიული ტელევიზიები" დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებენ.

"მაინტერესებს აი ის ტელევიზიები, ვინც ამას ასე უტიფრად ავრცელებს, გათენდება ახალი წელი და კვლავ მოგევლინებით მე ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში, მზად ხარ თუ არა, რომ საჯაროდ ბოდიში მომიხადოთ კოლეგების თანდასწრებით"- ამტკიცებდა ნათია თურნავა ჟურნალისტებთან.