სენაკის საკრებულოში "ოცნებას" გახარიას პარტიის მხადაჭერა ექნება - ექსპრემიერის გუნდის შეთავაზება მმართველ გუნდს

09.02.22 14:03
სენაკის საკრებულოში "ოცნებას" გახარიას პარტიის მხადაჭერა ექნება - ექსპრემიერის გუნდის შეთავაზება მმართველ გუნდს

სენაკის საკრებულოში "ქართულ ოცნებას" გახარიას პარტიის მხადაჭერა ექნება. ამ შეთავაზების შესახებ ექპრემიერის გუნდის წევრებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. 

პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას განმარტებით,  მმართველი პარტია სენაკში ხელოვნურ კრიზისს ქმნის, რომლის მიზანიც  სენაკის მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა.  სიჭინავას ინფორმაციით, სენაკის საკრებულოში სხდომებზე მათი პარტიული ხელმძღვანელების დავალებით არ დადიან და თითქმის ორი თვეა  მუნიციპალიტეტს საბოტაჟს უწყობენ.

ახალი არჩევნების მზადებისთვის დავალება, „ოცნების“ ხელმძღვანელების მიერ სამეგრელოში ბოლო ვიზიტის დროს გაიცა. ამასთან, გვაქვს ინფორმაცია, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს “ოცნების“ წარმომადგენლები უკანონოდ ავალებენ დღევანდელი სხდომის ჩაშლის მიზნით, არ გამოცხადდნენ საკრებულოში, რაც წარმოადგენს უკანონობას და საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობას, რასაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად მოჰყვება.

ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენთვის არც ერთი პოლიტიკური თანამდებობა არ არის თვითმიზანი, მით უფრო იმ კრიზისის ფასად, რომელსაც ხელოვნურად ქმნის “ოცნება“ სენაკის და სენაკელების ინტერესების ხარჯზე.

ამიტომ, ამ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასრულებისთვის, ვაკეთებთ ღია, საჯარო შეთავაზებას - „ოცნების“ წარმომადგენლები გამოცხადდნენ დღევანდელ სხდომაზე და ჩვენ მათ მიერ დასახელებულ კანდიდატს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარს დავუჭერთ.

დღევანდელი სხდომა ყველასთვის იქნება ტესტი, ვინ ქმნის ხელოვნურ კრიზისს და რომელი პოლიტიკური პარტიისთვის არის სენაკელების ინტერესები პირველხარისხიანი და ვის პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას საერთოდ სენაკი.

თუ “ოცნების“ წარმომადგენლები დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდებიან, ვიტოვებთ შესაძლებლობას ჩვენი კანდიდატურა წარვადგინოთ და ყველაფერი გავაკეთით იმისთვის, რომ სენაკში მუნიციპალური კრიზისი დასრულდეს, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.