თქვენი ინფორმაცია საპნის ბუშტივით გაქრება - რას ამბობდა ნათია თურნავა გათავისუფლებამდე 7 კვირით ადრე
თქვენი ინფორმაცია საპნის ბუშტივით რომ გასკდება კვლავაც, ბოდიშს მომიხდით თუ არა? - ეს განცხადება ნათია თურნავამ 7 კვირის წინ გააკეთა.
ის ჟურნალისტებს უმტკიცენდა, რომ ახალი წლის შემდეგაც ეკონომიკის მინისტრად მოგვევლინებოდა.
გათენდება ახალი წელი და კვლავაც მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში - თქვენი ინფორმაცია საპნის ბუშტივით რომ გასკდება კვლავაც, ბოდიშს მომიხდით თუ არა? - უთხრა 2021 წლის 20 დეკემბერს მინისტრმა მედიას.
ნათია თურნავა სამთავრობო ტრიბუნიდან ირწმუნებოდა, რომ მოსალოდნელ გადადგომაზე ინფორმაციას, „რამდენიმე ე.წ. პარტიული ტელევიზია ავრცელებდა".
დღეიდან ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრი აღარ არის. მას სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი შეცვლის.
სად მიდის ნათია თურნავა უცნობია. ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა თქვა მხოლოდ ის, რომ რამდენიმე მიმართულებას განიხილავს. მეტიც, მისი განცხადებით, სურვილი აქვს სფერო შეიცვალოს. თურნავა ირწმუნება, რომ გუნდის წევრად რჩება.