ეროვნული თანხმობის პროცესი - პრეზიდენტი პარტიებთან მოლაპარაკებებს იწყებს
დღეიდან პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებთან ყველაზე ფართომასშტაბიან მოლაპარაკებებს იწყებს - მმართველი პარტია და ოპოზიცია ორბელიანის სასახლეში დღის 15:00 საათზეა დაბარებული.
პირველ რაუნდს მხოლოდ ქალი პოლტიკოსები დაესწრებიან, თემა ეროვნული თანხმობაა.
"პირველების" ინფრომაციით, ჯერ პრეზიდენტის მიმართვა იქნება, შემდეგ კი სამუშაო ჯგუფებთან პირისპირ მოლაპარაკებები.
მე ვფიქრობ, უკვე არის ის ფაზა, როცა საზოგადოებას სჭირდება, პროცესიდან კონკრეტული შედეგები დაინახოს. ჩემი მოლოდინიც ეს არის დღევანდელი შეხვედრიდან, რომ დავინახოთ კონკრეტული რეზულტატი, ან მისი დადების ვადა და რესურსი რა შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესს. იმდენად მძიმე პროცესები მიმდინარეობს დღეს ქვეყანაში, რაღაც შედეგი თუ არ დადო პროცესმა, რომელიც პრეზიდენტმა დააინიცირა, მისი მნიშვნელობა დრამატულად შემცირდება"- აცხადებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი, რომელიც პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს.
ორბელიანების სასახლეში მივლენ გახარიას თანაგუნდელებიც. მიხეილ დაუშვილი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ პროცესი, რომელიც რადიკალიზაციის შემცირებისკენაა მნიშვნელოვანია, თუმცა რაც შეეხება მოლოდინს, პოლიტიკოსის თქმით, ეს ამ ეტაპზე რთული სათქმელია.
ენმ-ს წევრი, ნონა მამულაშვილი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტთან სალონური შეხვედრები კონკრეტულ შედეგს ვერ მოიტანს.
სალონური შეხვედრები ჩემთვის არაფრის მეტყველი არ არის. სამწუხაროა, მაგრამ არ მწამს, რომ ეს პროცესი კონკრეტულ დასკვნამდე მივა. ძალიან კარგია, რომ ქალბატონ სალომეს სურვილი აქვს, გაიცნოს სხვადასხვა პოლიტიკური მოღვაწე ქალები, მაგრამ მე ვერ ვხედავ, რომ ეს ფორმატი რაღაცის მომტანია. შეიძლება, მე ვარ ურწმუნო თომა, მაგრამ სკეპტიკური დამოკმიდებულება მაქვს ამ პროცესის მიმართ. თუ სალომე ზურაბიშვილის მოღვაწეობას გადავხედავთ, მისგან პრინციპული გადაწყვეტილებები არ მახსოვს"- დასძინა ენმ-ს წევრმა.