"ოცნება" პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს - NGO-ების განცხადება

10.02.22 12:38
 "ოცნება" პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს - NGO-ების განცხადება

არასამთავრობოები პარლამენტს მოწუოდებენ, არ დაუჭირომ მხარი ოპოზიციის ლიდერების, ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას. არასამთავრობოები ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მყარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

მეტიც, მათი შეფასებით, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზანი, შესაძლოა, ოპოზიციის დასუსტება იყოს. 

 მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა და საპარლამენტო კონტროლის კონკრეტული ინიციატივებითაც გამოვიდნენ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისათვის უფლებამოსილების უკანონოდ ვადაზე ადრე შეწყვეტა საგანგაშო ნიშანია, რომლის მიზანი შესაძლოა ოპოზიციის დასუსტება და შედეგად, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის არასრულფასოვნად განხორციელება იყოს. ჩნდება ეჭვი, რომ ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის განზრახვა ასევე უკავშირდება ფრაქციის გააქტიურებას ანტიკორუფციული მიმართულებით და  საქართველოში ელიტური კორუფციის დამდგენი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტას  და საკითხი გადაწყვიტოს ქვეყნის ინტერესებიდან და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. 

ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს დაიწყოს მსჯელობა პარტიების მიერ ე.წ. ჩახსნილი სიების აღდგენის შესაძლებლობაზე, რაც პოლიტიკური კრიზისის თავიდან არიდებას დაეხმარება. არსებული რეალობაც აჩვენებს, რომ სიების ჩახსნის პრაქტიკა  პრობლემურია და პარლამენტში მანდატების გაუქმების, 150-წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს რაოდენობრივი შემცირების და მისი  არაქმედუნარიანობის საფრთხეს ქმნის", - აღნიშნულია განცხადებაში.