"ოცნებიდან" ე.წ. გამიჯნულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა - პარტია და თანამდებობა ადგიგენის საკრებულოს თავმჯდომარემაც დატოვა

13.07.22 16:39
"ოცნებიდან" ე.წ. გამიჯნულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა - პარტია და თანამდებობა ადგიგენის საკრებულოს თავმჯდომარემაც დატოვა

"ოცნებიდან" ე.წ. გამიჯნულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა - ადიგენის საკრებულოში თანამდებობას ტოვებს იმედა მღებრიშვილიც. 

"ოცნებიდან" წასული მღებრიშვილიც სხვა კოლეგების მსგავსად, "პრობლემებზე ღიად საუბარს აანონსებს". 

"ყველას კარგად გვახსოვს აგვისტოს ომი, რომლის  იარები (ფიზიკური თუ სულიერი) არაერთ ადამიანს მოჰყვება და ძალიან ბევრი ჩვენგანი დღესაც ცდილობს ბევრი რამის დავიწყებას.  ადამიანები, რომელთა უცოდინრობამ თუ დანაშაულებრივმა ქმედებებმა ჩვენ ქვეყანას ვერ აარიდა ომი, დღეს კიდევ უფრო დიდი მონდომებით ცდილობენ რამენაირად გახვიონ უბედურებაში ჩვენი ქვეყანა.

თუ უკრაინას კანდიდატის სტატუსი უკრაინელი ხალხის სისხლის ფასად მიენიჭა (რაც არაერთი ევროპელი პოლიტიკოსისგან მოგვისმენია), ჩვენ ქართველებს მხოლოდ რუსეთთან ომში სამჯერ გვაქვს სისხლი დაღვრილი, თანაც ისე, რომ ფაქტიურად ყოველ ჯერზე მარტო აღმოვჩნდით ჩვენი მტრის წინაშე.

ნუთუ არაა საკმარისი ამდენი დაკარგული სიცოცხლე, დაკარგული სახლები და ათასობით გაუბედურებული ოჯახი, ნუთუ ამისთვის იბრძოდა ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთ მძიმე ვითარებაში დახმარების ხელის გამოწვდის სანაცვლოდ ასეთი უსამართლო დამოკიდებულება მიგვეღო ჩვენი ზოგიერთი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლისგან.  ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება არ გესმოდეს იმ უბედურების მასშტაბი რაც ხდება უკრაინაში და ხდებოდა ჩვენთან 2008-ში, როგორც ჩანს  ევროპაში მყოფთაგან ზოგიერთისთვის ეს ყველაფერი სხვანაირად ჩანს, რაც ჩემში იმედგაცრუებას იწვევს. 

ჩვენ უკან დასახევი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და მშვიდობის დასაცავად არაფერი გვაქვს. საჭიროა თავისუფლად საუბარი ყველაფერზე რაც ხდება, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს იმ კითხვებზე პასუხები რომელიც არსებობს, სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ მმართველ გუნდს უხერხულობა არ შევუქმნა მე ვტოვებ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს და პარტია ქართულ ოცნებას, ვაპირებ შევუერთდე იმ ადამიანებს ვინც მზადაა ისაუბროს უფრო ღიად და დაიცვას მშვიდობა, სტაბილურობა ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი", - წერს იმედა მღებრიშვილი სოციალურ ქსელში.

რამდენიმე წუთის წინ, პარტიისა და თანამდებობის დატოვების შესახებ დაწერა, ასპინძის საკრებულოში "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე გია ჭელიშვილმა.

ყაველაშვილი -ხუნდაძე - სუბარის გუნდს შეუერთდა თელავის საკრებულოს წევრი, ლევან კოჭლოშვილი.

 

მსგავსი სიახლეები