ეს იყო "ოცნების" დეპუტატების ჯგუფური თავდასხმა - ვატო წერეთლის საქმეზე გამოძიებას ჩვენებას ნანა აბურჯანიძე აძლევს
"ტვ პირველის" მფლობელზე, ვატო წერეთელზე ამერიკის საელჩოში მომხდარი ჯგუფური თავდასხმის საქმეზე დღეს გამომძიებლების კითხვებს არხის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა აბურჯანიძე უპასუხებს.
როგორც მან პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, გამოძიებას მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მიაწვდის:
მე სრულ ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას, რომელიც დაგვიანებით დაიწყო. მკაფიოდ მახსოვს ეს თავდასხმა, ოთხივე დეპუტატის მხრიდან მოდიოდა მიზანმიმართული აგრესია. ეს იყო ჯგუფური თავდასხმა და რაც არ უნდა ილაპარაკონ რომ კანონის ფარგლებში ვიმოქმედეთო, ჯგუფური თავდასხმა არანაირ კანონის ჩარჩოში არ ჯდება.
დეპუტატ ლევან მგალობლიშვილის მიმართ ყველაზე მეტი პრეტენზია მაქვს, ჩემ თვალ წინ, გავეშებული ეცა და გამეტებით დაარტყა ვატოს"- ამბობს აბურჯანიძე.
ცნობისთვის, საქმეზე გამოძიება საქართველოს პროკურატურამ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკის საელჩომ შოთაძის უწყებას სპეციალური ნოტა გაუგზავნა.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიება 126-ე და 151-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე დაიწყო.
საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია როგორც ვატო წერეთლის, ასევე ანრი ოხანაშვილისა და ლევან მგალობლიშვილის მომართვის საფუძველზე.
ვატო წერეთელი ამბობს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მყოფ "ქართული ოცნების" დეპუტატს უთხრა, რომ "ლექსო ლაშქარავას სიკვდილი მათ კისერზე იყო".
შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს აშშ-ს საელჩოში ,,ტვ პირველის" მფლობელზე ჯგუფური თავდასხმა მოხდა. ვატო წერეთელს ფიზიკურად "ქართული ოცნების" დეპუტატები, ანრი ოხანაშვილი და ლევან მგალობლიშვილი გაუსწორდნენ.
ვატო წერეთელი აშშ-ს საელჩოს ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვდა.