კონსტიტუციას განსხვავებული ინტერპრეტაცია არ უნდა მოჰყვეს - ზარქუა სარჩელის ბოლომდე მიყვანას ითხოვს
განიხილება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში ,,ოცნების" მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი? საპარლამენტო უმრავლესობაში აზრი ორად იყოფა. მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სარჩელის გამოწვევაზე გუშინ ალაპარაკდა.
დღეს კი ,,ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, განაცხადა, რომ შესაძლოა, სარჩელს მსვლელობა მიეცეს, რათა არ მოხდეს იმის პრეცენდენტი, რომ კონსტიტუცია რომელიმე სახელისუფლებო შტოს წარმომადგენელმა განსხვავებული ინტერპრეტაციით წაიკითხოს.
საკონსტიტუციო სარჩელი განპირობებული იყო იმით, რომ გაუგებრობები მოჰყვა ელჩის დანიშვნას. ამასთან დაკავშირებით ვთქვით უმრავლესობაში, რომ დაე, ეს გადაწყვიტოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ რაც კონსტიტუციაში რაც წერია, მას არ მოჰყვეს განსხვავებული ინტერპრეტაცია.
მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა ამოწურულია და პრეზიდენტმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება და დანიშნა ელჩი გაერო-ში, მე პირადად ჩემს პოზიციას გაგიზიარებთ - ეს საქმე საკონსტიტუციოში ბოლომდე უნდა მივიდეს. რატომ? ხვალაც და ზეგაც ანალოგიური რომ არ მოხდეს, რომ განსხვავებული ინტერპრეტაციით არ წაიკითხოს ხვალ კონსტიტუცია ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენელმა. - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.