„ევრობასკეტის“ საორგანიზაციოდ 7 მილიონი ლარი დავხარჯეთ - თეა წულუკიანი
"საქართველომ „ევრობასკეტის“ საორგანიზაციოდ 7 მილიონი ლარი დახარჯა"- ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თეა წულუკიანის განცხადებით, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატისთვის ბიუჯეტიდან 7,8 მილიონი იყო გამოყოფილი, საბოლოოდ კი „ევრობასკეტი“ 7 მილიონი ლარი დაჯდა.
ჩვენ, როდესაც გამოვეყავით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მაშინ კალათბურთის ფედერაციას მოთხოვნილი ჰქონდა საორგანიზაციო ხარჯებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12 890 000 ლარამდე, მაგრამ ჩვენ განვსაზღვრეთ მაქსიმალური ჭერი – 7 850 000 ლარამდე და რეალურად, საორგანიზაციო ხარჯები შეადგენს 7 მილიონ ლარს. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს 800 000 ლარის ეკონომია,“ - თქვა წულუკიანმა.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი სპორტის სასახლის მშენებლობასა და აღჭურვაზე 96 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
„ახალი სპორტის სასახლის პროექტირებასა და მშენებლობაზე დაიხარჯა 90 600 000 ლარი, აღჭურვისა და სხვა თანმდევმა ხარჯებმა შეადგინა 6 100 000 ლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯამში ასეთი ინფრასტრუქტურის შექმნა ჩვენს სახელმწიფოს დაუჯდა 96 მილიონ ლარზე მეტი“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.