იარაღი და ადამიანის მოკვლა, ჩემი არ არის - ჩხრეკა "ენმ-ს" წევრის სახლში
ჩხრეკა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის სახლში - თენგო სანაიას საცხოვრებელში გვიან ღამემდე სამართალდამცველები იარაღს ეძებდნენ.
ოთხი საათის განმავლობაში დიღმის სამმართველოში მძიმე ბრალდებების ადრესატი გამომძიებლების კითხვებს პასუხობდა.
სანაია ამტკიცებს, რომ მას იარაღი არასოდეს ჰქონია და ის მიმოწერა, რომელიც მუმლაძემ გამოაქვეყნა, არის ფალსიფიცირებული.
ბუნებაში რაც არ არსებობს, ისეთ რამეს ეძებდნენ. იარაღი და ადამიანის მოკვლა, ეს ჩემი ამბავი არ არის. ძაან მიკვირს გიორგი მუმლაძისგან. ყველაზე ცუდი და საწყენი ის არის, რომ ადამიანი კადრულობს უბინძრეს რამეს. ასეთი რამე მე გიორგისთან არ მიმიწერია. მასთან მიმოწერა მქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ის იქცეოდა ძალიან ცუდად და სოციალურ ქსელში, საჯაროდ, ადამიანს დედა არ უნდა აგინო, მაშინ, როდესაც ადამიანი ლექტორი ხარ. მე არაფერს არ ვამტკიცებ, თუმცა ეჭვი მაქვს იმისა, რომ ეს ადამიანი არის მართული და პროვოკატორი". - ამბობს სანაია.
სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე ამტკიცებს, რომ სანაია მას შუბლის გახვრეტით ემუქრებოდა.
ჩხრეკის შედეგად იარაღი ვერ იპოვეს. დღეს კი გამომძიებლის კითხვებს გიორგი მუმლაძემაც უნდა უპასუხოს.
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.
ცნობისთვის, დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში გიორგი მუმლაძე თანამოაზრეებთან ერთად მივიდა ნიკა მელიასთან სასაუაბროდ ნოდარ მელაძის შაბათის ეთერით გასაჯაროებულ კადრებთან დაკავშირებით, საიდანაც დგინდებოდა, რომ სუს-ს აგენტები ნაციონალურ მოძრაობაში ჰყავს შეგზავნილი.
მუმლაძის მტკიცებით, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ამ ანგარიშსწორებაში მთავარი ფიგურანტი სწორედ სანაია იყო.