დაადასტურეს, რომ არიან ერთგვარი კლანი - ირაკლი კობახიძე NGO-ების წინააღმდეგ
,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციებს კლანად მოიხსენიებს. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მესამე სექტორი კლანის პრინციპით მოქმედებს და დახურულ კარს მიღმა შეარჩიეს სახალხო დამცველის კანდიდატები.
მმართველი პარტიის ლიდერი ასევე ამბობს, რომ კონკურსის დროს არავის მიენიჭება უპირატესობა და არასამთავრობოების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს ურჩევს, განაცხადი დამოუკიდებლად შემოიტანონ.
ამ მდიდარმა ენჯეოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არიან ერთგვარი კლანი და კლანის პრინციპებით მოქმედებენ. წარმოიდგინეთ, ჩვენ ღია, უპრეცენდენტოდ გამჭვირვალე პროცედურა შევთავაზეთ საზოგადოებას, ამ დროს მთლიანად დახურულ რეჟიმში რამოდენიმე ენჯეოს კლანი ასახელებს თავიანთ კანდიდატურას. ეს არის მიუღებელი და აჩვენებს მათ დამოკიდებულებას მოვლენების მიმართ.
ეს არის ძალიან დახურული კლანი. ნებისმიერ მათგანს ამ კანდიდატებისგან შეუძლია, დამოუკიდებლად შემოიტანოს თავისი განაცხადი, მათ უნდა გაიარონ ზუსტად ისევე სამართლიანი კონკურსი, რაც გამოცხადებულია ნებისმიერი პირისთვის.
აქ, რა თქმა უნდა, ვერავისთვის იქნება მინიჭებული უპირატესობები - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
გიორგი ბურჯანაძე, ანა დოლიძე, ნაზი ჯანეზაშვილი - 52-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატურები დღეს წარადგინა და ოპოზიციას მოუწოდა, მათ მხარი დაუჭიროს.