გომალაურის უწყება ბოლო 10 დღის განმავლობაში რუსეთიდან შემოსულთა სტატისტიკას აქვეყნებს
ბოლო 10 დღეში, საქართველოს საზღვარი რუსეთის 78 742-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, ქვეყანა კი დატოვა რუსეთის 62 120-მა მოქალაქემ - სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.
შსს აღიარებს, რომ მიმდინარე წლის 21 სექტემბრის შემდგომ, საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვარზე რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ მოიმატა.
შსს-ს განცხადების თანახმად, საქართველოს საზღვარი ყველა გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთა და გადაკვეთა:
- 17 სექტემბერს 6986 - 7406
- 18 სექტემბერს 6606 - 6743
- 19 სექტემბერს 6411 - 6782
- 20 სექტემბერს 5603 - 6199
- 21 სექტემბერს 6402 - 6011
- 22 სექტემბერს 6150 - 6050
- 23 სექტემბერს 9307 - 6214
- 24სექტემბერს 9330 - 6249
- 25 სექტემბერს 11 143 - 5519
- 26 სექტემბერს 10 804 – 4947 რუსეთის მოქალაქემ.
უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომატებული ნაკადის ეფექტიანად მართვის მიზნით, სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ დამატებით განლაგებულია პოლიციური ჯგუფები.
განცხადების მიხედვით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტში მუდმივ რეჟიმში იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რისკების გამოვლენის მიზნით.
„სასაზღვრო კონტროლის პროცედურები მიმდინარეობს განსაკუთრებული დაკვირვებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით"- ამბობენ უწყებაში.
გომელაურის უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში მომატებულია იმ მოქალაქეთა რაოდენობაც, რომელთა შემოშვებაც საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზეზების გამო არ ხდება.
როგორც ცნობილია, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, რის შედეგადაც მას ან ეძლევა თანხმობა საქართველოში შემოსვლაზე, ან იღებს უარს და ვერ კვეთს საქართველოს საზღვარს. უცხო ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინსპექტირება/გამოკითხვა საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ხორციელდება.
უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის შემოსვლის თანხმობის ან უარის თქმის გადაწყვეტილებას მესაზღვრე სხვადასხვა ფაქტორისა და გარემოებების შეფასების შედეგად იღებს. მაგალითად, ითვალისწინებს პირის ხელთ არსებული დოკუმენტაციის შესაბამისობას მგზავრობის მიზნობრიობასთან, საქართველოში ყოფნის პერიოდში და საქართველოდან გამგზავრებისას ფინანსური სახსრების საკმარის ოდენობას, წარსულში ქვეყანაში ყოფნის ვადებს და ა.შ. შესაბამისად, თუ დარღვეულია ეს სტანდარტი, სამართალდამცველები უცხო ქვეყნის მოქალაქეს ადგილზე უმარტავენ უარის თქმის შესაძლო მიზეზებს და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების პირობებს.
სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში რისკის შემცველი პირების გამოვლენის მიზნით, მოქალაქეთა ინსპექტირება/გამოკითხვა და მომატებული რაოდენობის პირობებში, სასაზღვრო-გამტარი პუნქტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გადაადგილებისას გარკვეულწილად იწვევს რიგების წარმოქმნას, რაც, პარალელურად, რეგისტრაციისთვის დროის გაზრდილ მონაკვეთს საჭიროებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურად, პროაქტიულად აქვეყნებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული პირებისა და ტრანსპორტის სტატისტიკურ მონაცემებს. შესაბამისად, სამინისტრო მომავალშიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ - სტატისტიკის გამოქვეყნებას, ხოლო მეორე მხრივ - შესაბამისი მონაცემების ანალიზს და საზოგადოების ინფორმირებას“, - აცხადებენ შსს-ში.