რეფერენდუმები დასრულდა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, რუსეთში - მედვედევი
დიმიტრი მედვედევი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ გამართული ე.წ რეფერენდუმების შედეგებს ეხმაურება.
„რეფერენდუმები დასრულდა. შედეგები ნათელია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, რუსეთში!”, - დაწერა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ Telegram-ზე.
ოკუპანტი ქვეყნის მტკიცებით, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ხმების" 100% დათვლილია.
რუსეთი ირწმუნება, რომ ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში რუსეთთან შეერთებას მხარი დაუჭირა 98.42%-მა, ზაპოროჟიეში 93.11%-მა, ხერსონში კი 87.05%-მა.
საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკას, ამ დრომდე დათვლილია "ხმების" მხოლოდ 57%, რომელთა 94.75% "მხარს უჭერს" რუსეთთან შეერთებას.
უკრაინის ოთხ ოლქში -დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს ჩატარდა.