დაუწესდეთ საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებს საოკუპაციო მოსაკრებელი- ენმ-ს ინიციატივა
საქართველოში მოქმედი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას სთავაზობს, რუსეთის მოქალაქეებს საოკუპაციო მოსაკრებელი დაუწესოს.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საქართველოში შემოსული ყველა რუსი ვალდებული უნდა გახდეს, ათასი ლარი გადაიხადოს. აღნიშნული თანხა კი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებს უნდა გადაეცეთ.
არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას ვთავაზობთ საკანონმდებლო ინიციატივას. მოგეხსენებათ, რუსეთის მოქალაქეთა უკონტროლო შემოდინებამ ძალიან დიდი მასშტაბები მიიღო, რაც როგორც ქვეყნის შიდა უსაფრთხოების, ასევე ფინანსური უსაფრთხოების საკითხებს და მთელ რიგ რისკებთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ, საზოგადოებაში სამართლიან გულისწყრომას და კითხვებს წარმოშობს.
ჩვენი ფრაქცია გამოდის ინიციატივით, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდეს, რომლითაც პოლიტიკურ განაცხადს გავაკეთებთ ამ პროცესთან მიმართებით. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საოკუპაციო შენატანის გადახდის ვალდებულებას, რომელიც ლარებში იქნება განსაზღვრული, 1000 ლარის ოდენობით თითოეულ მოქალაქეზე.
გადახდის უზრუნველყოფით გარანტირებული იქნება რუსეთის მოქალაქეების მხრიდან იმის აღიარება, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან და რუსეთი არის აგრესორი. იმავდროულად, ეს შენატანი უნდა გახდეს გარკვეული შემაკავებელი ფაქტორი, რომ თუ მათ არ სურთ ამის აღიარება და თანხის გადახდა, შეუძლიათ არ შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. შენატანის დაწესება იქნება სოლიდარობის გამოცხადება იმ დევნილებისთვის ვინც მრავალ ათეულ ათასობით იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. დევნილთა სამინისტროში შექმნილი იქნება დევნილთა დახმარების ფონდი და ეს თანხები მიზნობრივად დევნილების საჭიროებისთვის იქნება გადარიცხული.
დღევანდელი სტატისტიკით რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 280 000 მოქალაქე უკვე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, ბოლო ათ დღეში, დაახლოებით 80000 ადამიანი შემოვიდა, შესაბამისად, ამ შენატანის დაწესებით საკმაოდ მნიშვნელოვანი საბიუჯეტო შემოსავლები იქნება, რომელიც დევნილების საჭიროებებს მოხმარდება. ეს ვალდებულება უკვე შემოსულ რუსეთის მოქალაქეებზეც გავრცელდება, სამოქალაქო და ადმინისტრაციული მომსახურების გაწევისას მათ მოსთხოვენ ამ თანხის გადახდის დამადასტურებელო ქვითარი.
ვფიქრობ, ეს ინიციატივა უნდა იყოს საერთო პოლიტიკური, სახალხო ინიციატივა, საზოგადოება მე მგონი აბსოლუტურად ეთანხმება მას და ეს მოდის საზოგადოებიდან, კონკრეტული მოქალაქეების მომართვის საფუძველზე. ჩვენ ვფიქრობ, "ქართულ ოცნებას" უნდა მოვუწოდოთ, ეს საკითხი არ განვიხილოთ კონკრეტული პოლიტიკური ინიციატივების და დაპირისპირების ჭრილში. ყველა ვაცნობიერებთ საფრთხეებს, შესაბამისად, ყოველგვარი პოლიტიკური მოტივაციის გარეშე, ერთობლივად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, ამ მხრივ დავაფიქსირებთ პოზიციას დევნილების მიმართ და ეს იქნება საერთო სახალხო გადაწყვეტილება -განაცხადა ბეჟაშვილმა.