რუსეთიდან გადმოსულ პირს ექიმების დახმარება დასჭირდა - მძიმე ვითარება საქართველოს საზღვართან
მძიმე ვითარება საქართველო-რუსეთის საზღვარზე - რამდენიმე წუთის წინ, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
"ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, ეთინიკურად ჩეჩენს, რომელიც დღეების განმავლობაში საცობში იყო და საქართველოში შემოსვლას ცდილობდა, ქართველი ექიმების დახმარება დასჭირდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ყაზბეგის საავადმყოფოში გადაიყვანა.
რაც შეეხება ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე არსებულ მდგომარეობას, აქ კილომეტრიანი რიგები, საკვებისა და წყლის უქონლობა, არაადამიანური პირობებია - ადამიანები, რომლებმაც საბაჟო კონტროლი უკვე გაიარეს და საქართველოში შემოვიდნენ, ჰყვებიან უმძიმესი ვითარების შესახებ, რისი გადატანაც მათ უწევთ. ყველა ამბობს და არ მალავს, რომ მზად არის, ომს ნებისმიერი საშუალებით გამოექცეს.
აქაურობა გადაჭედილია, ფეხით გადმოვედი ვლადიკავკაზიდან. იქამდე კი ჩამოვფრინდი. შიდა რეისები ხორცილედება, მხოლოდ ყაზახეთის გავლით. ბილეთების ფასი სასწაულად არის გაზრდილი.
მობილიზაცია ეხება ყველა იმ პირს, ვისაც სამხედრო სწავლება რუსეთში აქვს გავლილი, თუ საქართველოში აქვს ჯარი გავლილი, მათ არ ეხებათ. რუსეთის ყველა მოქალაქეს იმ შემთხვევაში შეეხება გაწვევა, თუ საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდება.
ბევრი ადამიანი უკან დააბრუნეს, ვისაც უწყება მიღებული ჰქონდა. - ამბობს ეთნიკურად ქართველი, რუსეთის მოქალაქე.
რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე იმ გზას აღწერს, რაც საქართველოში გადმოსვლამდე გამოიარა.
ჯერ ვლადიკავკაზში ვიდექი რამდენიმე დღე. მერე აქეთ 4 საათში გადმოვედი. არ ვიცი, ეს როგორ მოვახერხე. მანქანა საზღვარზე დავტოვე და ფეხით წამოვედი. ბევრი ასე ტოვებს, ან ნახევარ ფასში ყიდის.
რუსეთიდან კიდევ ბევრი ადამიანი მოდის, ამბობენ, 30-ში რეფერენდუმი იქნება და გამოაცხადებენ საყოველთაო მობილიზაციას, მანამდე კი უნდა მოასწრონ გამოსვლა. რადგან მერე რუსეთის დატოვება შეუძლებელი გახდება.
ნეიტრალურ ტერიტორიაზე ვიპოვე ველოსიპედი და იმით ჩამოვედი. გზაზე ასეთი უამრავი შემხვდა, მანქანების სასაფლაოა რუსეთის მხარეს, მიტოვებული მანქანების - აცხადებს რუსეთის მოქალაქე.
,,ტვ პირველის" ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე უკვე გამოჩნდნენ სამართალდამცველები, რომელიც საქართველოში გადმოსვლის მსურველებს შორის მიბილიზაციას დაქვემდებარებულ პირებს ეძებენ და უკან აბრუნებენ, ასეთი პირები მათ ნეიტრალური ზონიდანაც კი მიჰყავთ.